კახა კალაძე: თეთრი ტაქსები სხვადასხვა რეკლამებით შეფუთული არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თეთრი ტაქსები სხვადასხვა რეკლამებით შეფუთული არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.

მისი თქმით, ტაქსების მძღოლებისთვის მანქანაზე რეკლამის განსათავსებელი ადგილების შესახებ ინფორმაცია რეგულაციებშია გაწერილი.

“ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, რომლებიც რეკლამებით არის მთლიანად შეფუთული. ჯერ საერთოდ არ უნდოდათ რეკლამა, დღეს უკვე ქალაქში გადაადგილდება ტაქსები, რომლებიც მთლიანად რეკლამით არის შეფუთული. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დამტკიცებული. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ, სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი. ქალაქში გადაადგილდება მანქანები, რომლებსაც მაგალითად, უკანა ნაწილი აქვს სხვა ფერის და თვითონ ტაქსი არის თეთრი ფერის. ვიცი, რომ მათ ყოველდღიურად ეგზავნებათ “მესიჯები” რომ თუ ეს ყველაფერი არ მოწესრიგდება რა თქმა უნდა დაჯარიმდებიან.

კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ტაქსების მძღოლებისთვის დამატებითი განმარტებებისა და ინფორმაციების მიწოდება დაავალა.

“შესაბამისად გააკეთეთ დამატებითი განმარტებები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. რეკლამისთვის რა თქმა უნდა არავინ დაჯარიმდება, თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი პირდაპირ გაწერილია იმ რეგულაციებში, რომელიც იქნა შემუშავებული. მოცემულია კონკრეტული ადგილები, სადაც თქვენ საკუთარ ავტომობილებზე გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ განათავსოთ რეკლამა, ოღონდ არა მთლიანად შეფუთოთ ავტომობილი სხვადასხვა რეკლამებით, რომელიც რა თქმა უნდა იქნება დაჯარიმებადი”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები