ვლადიმერ ბოჟაძე: ჩემთვის, გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია
“ჩემთვის პირადად როგორ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია”,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მან მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეეხება.
“საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია. პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.
ჩემთვის პირადად როგორ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების თუ რევოლუციის მცდელობა იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში განვითარებას.
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, ძალიან სამწუხაროა რომ ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე (0% ხელოვნური და 0.675 ბუნებრივი ბარიერი) გადასვლა, რაც გახდა პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადასვლის მიზეზი, მაგრამ ახლა აუცილებელია გაგრძელდეს დიალოგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, მოხდეს 2017/2018 წლის ეუთოს რეკომენდაციების ასახვა კანონმდებლობაში, არჩევნების თარიღამდე მშვიდად და მშვიდობიანად მისვლა. 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა, „მისი აღმატებულება ამომრჩეველი“ საარჩევნო ყუთთან, ბიულეტენით გადაწყვეტს თუ ვინ იქნება შემდეგი 4 წელი ხელისუფლებაში. მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც შეეხება საარჩევნო საკითხებს”,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.