ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან გამართა, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს. მხარეებმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს დაგეგმილი ნატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე. კონგრესმენებმა და სენატორებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზეც. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც დაესწრნენ.