ნათია თურნავა: ბრაზილიასთან და გერმანიასთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს, რომლებიც ქართველ მეზღვაურებს 4000-მდე გემზე დასაქმების საშუალებას მისცემს
„ქართველი მეზღვაურების დასაქმება სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ჩვენი მთავარი ინტერესი და პრინციპული საკითხია, რომელზეც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვამახვილებთ ყურადღებას”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, შეხვედრა დაგეგმილია IMO-ს გენერალურ დირექტორთან, კიტაკ ლიმთანაც.
„გამოცდილ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურებზე გლობალურად დიდი საჭიროებაა, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, რომლის მამაცი, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არიან. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამაზე და გვინდა, კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიოთ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერა ბრაზილიასთან მემორანდუმს, რაც ქართველ მეზღვაურებს 900-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
მისივე თქმით, ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს გერმანიის საზღვაო უწყებასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს 3000-ზე მეტ გემზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
“დასაქმება, მათ შორის მეზღვაურების, ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრიორიტეტია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.