“დედა სასტიკად სცემდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა ხოლმე”- ქარელში გარდაცვლილი მოზარდის ბებია ტრაგედიის ახალ დეტალებს ყვება
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, 12 წლის მოზარდის, ს.ტ-ს მშობლები ნინო ხარებოვი და ზვიად ტურაშვილი, დაახლოებით 4 წლის წინ დაშორდნენ. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, მოზარდის დედამ საკუთარი მეუღლე, შვილების თვალწინ, ფეხის არეში დანით დაჭრა. მომხდარის შემდეგ, ორივე არასრულწლოვანი საცხოვრებლად მამის ოჯახში წაიყვანეს, თუმცა, 2 წლის წინ, ბებიამ და პაპამ, ბიჭი დედასთან დააბრუნეს, გოგონა კი თავისთან დაიტოვეს. გარდაცვლილის მამა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და იქ მუშაობს. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ინფორმაცია სწორედ უკრაინაში შეიტყო.
„რეგიონულ კვირას“ ბავშვის ბებია ლელა ილარიანი უყვება, რომ დედა შვილს სასტიკად ეპყრობოდა, სცემდა, ფიზიკურად ამუშავებდა, ტყიდან შეშის მოტანას მარტოს აიძულებდა. მისი თქმით, ბავშვებზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია მან უმცროსი შვილიშვილისგან გაიგო. ამ ფაქტს ადასტურებს გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დაც.
თუმცა, საპირისპიროს ყვებიან ბავშვების დედის მეზობლები. ისინი ამბობენ, რომ ნინო ხარებოვს შვილებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია და ისინი ნორმალურ პირობებში იზრდებოდნენ.
“როგორც გავიგე, ქმარზეც ძალადობდა, დაუჭრია კიდეც ჩემი შვილი. მალავდა ჩემი ბიჭი ამ ამბავს, არ გვიმხელდა. გარდა ამისა ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, ემუქრებოდა, რომ ჩამოხვალ მოგკლავო. დაშორების შემდეგ ეს ქალი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და ბავშვები ჩემთან დატოვა. არ შემეძლო ორივესთვის მომევლო, ჯანიც არ მაქვს… თურქეთიდან დაბრუნებულმა ბიჭი თავისთან წაიყვანა, მაგრამ ბავშვი მაინც ხშირად მოდიოდა ჩვენთან. თვითონ არაფერს გვიყვებოდა, მაგრამ მეორე შვილიშვილისგან ვიცი, რომ დედა მაგრად სცემდა ორივეს, განსაკუთრებით ბიჭს“, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბებია.
ასევე გაუსაძლის პირობებზე საუბრობს გარდაცვლილის და. მისი თქმით, ადრე დედა მასაც სცემდა, თუმცა რაც ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, ფიზიკურად აღარ შეხებია.
“ბოლო პერიოდში მე აღარ მცემდა ხოლმე. ჩემი ძმა სახლიდან რომ გავიდოდა, ეძახდა…სახლში დროულად თუ არ დაბრუნდებოდა, ცემას უწყებდა, თმებს უჭერდა და ისე ურტყამდა… ცხვირიდან სისხლი სდიოდა ხოლმე, ტიროდა, მაგრამ, არაფერს ამბობდა…. ჩემი ძმა დედას სახლიდან გასვლის შემდეგ ჩუმად ტიროდა… როდესაც დედასთან ვცხოვრობდი, მეც მცემდა, მაგრამ რაც იმ სახლიდან წამოვედი და მასთან მხოლოდ სტუმრად მივდიოდი, აღარ ვუცემივარ”,- გვიყვება გარდაცვლილის და.
“რეგიონული კვირა” 12 წლის ბიჭის მამას უკრაინაში ტელეფონით დაუკავშირდა. ზვიად ტურაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი ცოლი შვილთან კონტაქტს უკრძალავდა და 21 აგვისტოს შემდეგ ბავშვს არ დაკავშირებია.
“21 აგვისტოს შემდეგ შვილთან კონტაქტი არ მქონია. დედამისი ამის უფლებას არ მაძლევდა. თუ გაიგებდა, რომ რომელიმე მეზობლის ტელეფონით დაველაპარაკე, ბავშვსაც ეჩხუბებოდა და მეზობელსაც. 4 წლის წინ, ტელეფონში ვიღაც კაცის მესიჯები ვუნახე, ამის გამო შელაპარაკება მოგვივიდა და ბავშვების თანდასწრებით, დანით დამჭრა. ახლაც სულ მემუქრება რომ მომკლავს. ეს რა უბედურება დამატყდა თავს, გონზე ვერ მოვდივარ.
ვფიქრობ და ვრწმუნდები ყოველ წამიერად, რომ ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩემი შვილი, ხაზგასმით ვამბობ, თავს არ მოიკლავდა. სიცოცხლით სავსე ბავშვი ამას არ გააკეთებდა. მივმართავ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ ეს საქმე და დაადგინონ, ჩემი შვილი რა ვითარებაში დაიღუპა. მე არ ვარ საქართველოში, ჩამოვალ და პირადად გამოვიკვლელ, რა მოხდა ჩემი საბას თავს”, – განაცხადა ზვიად ტურაშვილმა.
მეზობლების ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი ფარდულში დედამ იპოვა.
“ჩვენთვის უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. მხიარული ბავშვი იყო, ნორმალურ პირობებში იზრდებოდა. საღამოს დაახლოებით 7 საათი იყო, დედამისის კივილზე გამოვცვივდით. ბიჭს ფარდულში კაბელით ჩამოუხრჩვია თავი, საკუთარი ხელით ჩამოხსნა დედამ. სათამაშოდ შესულა და რომ აღარ გამოჩნდა, მაშინვე დაუწყია ძებნა”,-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მეზობელმა, ნინო კუჩმაზოვმა.
„რეგიონული კვირა“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
კითხვაზე, მიმართეს თუ არა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ძალადობის შესახებ, უწყებაში გვპასუხობენ, რომ არც გარდაცვლილი მოზარდის მამის ნათესავებს და არც მეზობლებს მათთვის რაიმე პრობლემით არასდროს მიუმართავთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დედა ბავშვების ფოთიდან ყინწვისის სკოლაში გადაყვანის დაჩქარებაში დახმარებას ითხოვდა.
„არანაირი განაცხადი ბავშვზე ძალადობის რაიმე ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტოში არ შესულა“, – აცხადებენ უწყებაში.
„რეგიონული კვირა“ შსს-საც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა და არც ბავშვთან მიმართებით გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გაუციათ.
შეგახსენებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში 12 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.