„ნახატზე ავტოგრაფს არასდროს ვტოვებ, სხვა არც არავინ აკეთებს მსგავსს“ – ფერადი მინისგან შექმნილი შედევრების უცნობი ავტორი (ვიდეო)
ფერადი მინის ნამსხვრევები, მინის დაფშვნის შედეგად მიღებული მტვერი და წვრილი მავთული – ეს ის მასალებია, რომელსაც 75 წლის ჯემალ მალანია წლებია საკუთარი ფერწერული ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს. “რეგიონული კვირა” ნამუშევრების შექმნის უნიკალური ტექნიკის ფერმწერს ეწვია და მის ისტორიას გიამბობთ.
ჩხოროწყუელი ფერმწერის ოცნება მისი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით, გასულ წელს თბილისში გამართულ ერთადერთ გამოფენასაც გულდაწყვეტილი იხსენებს. ამბობს, რომ არც მნახველი იყო და არც მედია დაინტერესებულა მისი ნამუშევრებით.
როგორც „რეგიონულ კვირას“ უყვება, სამშობლოში მისი ნახატების მყიდველები ჰორიზონტზე არ ჩანან.
“ხალხს პურის ფული არ აქვს და ეს ნახატები ვის უნდა“, – ამბობს მხატვარი.
მოზაიკოსის შემოქმედება სიფერადით ნამდვილად გამოირჩევა და მნახველის განცვიფრებას წლებია ახერხებს. ოსტატურად შექმნილი პეიზაჟები, კომპოზიციები, პორტრეტები და სხვა ფერწერული ნამუშევრები საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აქვს განთავსებული.
დედაქალაქიდან რაიონში, ავადმყოფი მშობლების გამო დაბრუნდა. 80-იან წლებში ახალგაზრდა ფერმწერ-მოზაიკოსმა მუშაობა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, მეუღლესთან ერთად, მშობლების სახლის დანგრეულ სახელოსნოში გააგრძელა.
როგორც თავად ამბობს, უსახსრობის გამო, ერთდროს კეთილმოწყობილი სახელოსნო, წლებია, ვეღარ მოაწყო.
ფერმწერის შემოსავლის ერთადერთი წყარო 200-ლარიანი პენსიაა.
მნახველი ნამდვილად დატკბება იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია ფერმწერის შემოქმედებაში. ჯემალ მალანიამ შეძლო და მოსტაცა სამყაროს, მშობლიური მთები, ცნობილი ადამიანები, ყვავილები, წითელი მელა და კინტოები.