გურჯაანში GECSA-ს შესახებ ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ფერმერებისთვის GECSA-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, GECSA (საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი) წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც ფერმერებს ამინდის პროგნოზის, კლიმატური რისკების, მავნებლებისა და დაავადებების ადრეული გაფრთხილებისა და სხვა პრაქტიკული რეკომენდაციების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პლატფორმა შემუშავებულია პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.
„დღეს კლიმატური პირობები სოფლის მეურნეობაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ფერმერს ჰქონდეს სანდო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეძლებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. GECSA სწორედ ამისთვის შეიქმნა, რათა ფერმერებმა წინასწარ იცოდნენ მოსალოდნელი ამინდისა და კლიმატური რისკების შესახებ, უკეთ დაგეგმონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და შეამცირონ შესაძლო დანაკარგები,“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ და პროექტის კოორდინატორმა ნოდარ ხატიაშვილმა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილთან ერთად, მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი, ცენტრის მთავარი აგრონომი ილია მჭედლიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აგრომეტეოროლოგიის კომპონენტის ხელმძღვანელი ედუარდ შერმადინი უძღვებოდნენ.