ყვარელში ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია
ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ბიჭი, ყვარლის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, პაციენტი გარკვეულწილად კონტაქტურია, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკული რჩება.
“აღენიშნება მუცლის ღრუს მძიმე დაზიანებები. გარკვეულწილად კონტაქტურია, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკული რჩება. დაშავებულს ოპერაცია ღვიძლზე უტარდება”- განაცხადა ჭონიაშვილმა.
ცნობისთვის, ყვარელში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. “მერსედესის“ მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მანქანაში მყოფი 4 მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
როგორც “რეგიონული კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.