ირაკლი მამალაძე: მეუფე პეტრემ, რომელსაც სააკაშვილი მართავს, შესაძლოა, პოლიტიკაში მოვიდეს და კაბა გაიხადოს

პეტრე ცაავა იმ ნაღმზე აფეთქდა, რომელიც საპატრიარქოში თავად დადო, – ამის შესახებ “ციანიდს საქმის” “ოქროს მოწმე”, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებებთან დაკავშირებით გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

“რაც საპატრიარქოში 2019 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, “ციანიდის საქმის” გაგრძელებაა, როცა 2017 წელს ბერლინში პატრიარქის მოწამლვა იგეგმებოდა, მაგრამ პეტრე ცაავამ და მისმა ბნელმა დაჯგუფებამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს. 31 ოქტომბერს პეტრემ საპატრიარქოსთან ტერაქტი მოაწყო, რასაც თვითონ შეეწირა.

ზუსტად ვიცი, რომ წერილი, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ ციხეში დაწერა და ოთხ სასულიერო პირს გამოუგზავნა, სინამდვილეში პეტრე ცაავას კარნახით შეიქმნა. ყველამ იცის, რომ იმ წერილში უამრავი სიბინძურე ეწერა. ამის შესახებ იციან ჟურნალისტებმაც, იცის თორნიკე მამალაძემაც და იცის, ფაქტობრივად, ყველამ. პეტრე ელოდებოდა ამ წერილის აფრიალებას, მაგრამ მას ნერვებმა უმტყუნა. უმტყუნა იმიტომ, რომ სინოდის სხდომაზე მარტო დარჩა. ფოთელი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კი, რომელის პეტრე ცაავას მოკავშირეა, სინოდის სხდომამდე ორი დღით ადრე გამოვიდა და თქვა, რომ ძვირფასი სტუმრის ჩამოსვლის გამო საპატრიარქოში დაგეგმილ შეკრებას ვერ დაესწრებოდა. თუმცა, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი იძულებული გახდა, მეორე დღესვე გამოსულიყო და პეტრე ცაავასთვის მხარი დაეჭირა. მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი არიან უმაღლესი სასულიერო იერარქები, რომლებიც ერთდროულად იბრძოდნენ პატრიარქობისთვის. მათ მოიფიქრეს ასეთი სქემა- საერთო მტრები ჩამოეშორებინათ და პატრიარქის ტახტისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. ამ სამი კაციდან რომელიც უფრო მოსაწონი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ვისაც ხალხი მეტად გამოარჩევდა, პატრიარქი გახდებოდა. მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილს აქვს ერთი დიდი ნაკლი- ნასამართლევია. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ნაკლი ის არის, რომ პატრიარქის ძმისშვილია და საზოგადოებაში მისი ამბიციები საპატრიარქო ტახტის დასაკავებლად ძალიან ცუდად აღიქმება, რადგან პატრიარქობა არ არის მემკვიდრეობითი ტიტული. რაც შეეხება მეუფე პეტრეს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ის ახალგაზრდობაში სენაკის ვაგზალზე ჯიბის ქურდი იყო, პატრიარქობისკენ მიმავალ გზაზე რამე განსაკუთრებული ბარიერი არ ეღობებოდა”,- აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.

მისივე თქმით “ციანიდის საქმეში” დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილიც იყო ჩართული.

“სოსო ოხანაშვილი მამა გიორგი მამალაძესთან ერთად, “ციანიდის საქმეში” თავიდან ბოლომდე იყო ჩართული. მას ევალებოდა თბილისში დარჩენილი მეუფეების კონტროლი, მაგრამ პატრიარქი გადარჩა და შეთქმულების გეგმა ჩაუფლავდათ. ცხადია, ასეთ შემთხვევაში სოსო ოხანაშვილი იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო და გადაიხვეწა კიდეც. პატრიარქის მკვლელობა რაკი ვერ მოახერხეს და გეგმა ჩაეფუშათ, მეუფე პეტრემ გარშემო შემოიკრიბა ელისო კილაძე, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე და დაიწყო უბინძურესი პიარ-კამპანია. მეუფე პეტრეს აძლევდნენ საუკეთესო საეთერო დროს, დებატებში არავის უპირისპირებდნენ ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ. მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერის წყალობით, სააკაშვილის სექტაში მან მოახერხა რაღაც ძალების მობილიზება და ემზადებოდა იმ სიბინძურისთვის, რაც 31 ოქტომბერს ჩაიდინა კიდეც, სადაც მან პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა. პატრიარქმა მას არაერთხელ მიმართა და სინოდის წევრებმაც სთხოვეს, თავისივე საქციელი შეენანიებინა, მაგრამ მეუფე პეტრე უწმინდესს უცენზურო სიტყვებით მიმართა და ილია მეორისკენ იწევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეუფე შიო მუჯირი პატრიარქისა და მეუფე პეტრეს შორის ჩადგა, ხოლო გარშემომყოფმა მეუფეებმა პეტრე სინოდის სხდომიდან გამოაგდეს. პეტრე პატრიარქზე ფიზიკურად ანგარიშსწორებას აპირებდა და ღრიალებდა.

იცით რისი შიში მქონდა? უბინძურესი წერილი, რომელიც მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დააწერინა, არ მოხვედრილიყო პატრიარქთან, უწმინდესს გული არ გასკდომოდა და მერე წერილი არ გამოეყენებინათ, ზუსტად ისე როგორც ეს ნუგზარ საჯაიას შემთხვევაში მოხდა.

წერილი აქვთ მეუფე პეტრეს, მეუფე გრიგოლის, მეუფე ანდრია გვაზავასა და ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს. წერილში მოთხრობილია საპატრიარქოში დავანებული სოდომური ცოდვების შესახებ, რომლის თაობაზე თურმე დეკანოზ მამალაძეს “ვიღაცებმა” მოუთხრეს. საბოლოო ჯამში პეტრე ცაავა იმ ნაღმზე აფეთქდა, რომელიც საპატრიარქოში თავად დადო და საზოგადოებამ ეს კარგად დაინახა, თუ რაზე არიან წამსვლელები როგორც პეტრე, ისე დეკანოზი მამალაძე, – განაცხადა ჟურნალისტმა.

მისვე თქმით თუ პეტრე ცაავა, რომელიც მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერში გაამწემსეს, არ წავა მას აუცილებლად განკვეთენ.

“თუ პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში არ წავა აუცილებლად განკვეთენ და მას ვერავინ ვერ და ვერაფერი ვერ უშველის. მეუფე პეტრე, რომელსაც აშკარად სააკაშვილი მართავს, შესაძლოა, პოლიტიკაში მოვიდეს და კაბა გაიხადოს”, – აღნიშნა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები