პეტრე ცაავა: გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს
ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი და სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცეს, – ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის საჯარო აქტიურობას გააგრძელებს.
“იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო აქტიურობა.
გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომა იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში. რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან. რათა საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდეს, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით, არის ჩემი ინიციატივა. რამდენიმე წლის წინ, მქონდა ეს ინიციატივა, მაგრამ რა თქმა უნდა, პატრიარქის მხრიდან მახსოვს ძალიან მძიმე რეაქცია იყო. ამის პრაქტიკა ყოფილა, კრეტის კრება, რომელიც ჩატარდა 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით, ყოფილა პირდაპირ რეჟიმში გაშუქებული, რაც ძალიან სწორად მიმაჩნია. ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რაც ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. ყველაფერი რაც დახურულია, ფუჭდება და ლპება“, – განმარტა პეტრე ცაავამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად უკვე გამოსცა.
“31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.