ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვართ ღია, გახსნილები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი დიდი სამინისტროა საქართველოში, ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენ ვართ ღია, გახსნილები თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედებასთან დაკავშირებით “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“გამართული ოფიციალური ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს წარმატება უსურვა.
“მე მინდა, პირველ რიგში, ქალბატონ ლონდას მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, მის გუნდს. ძალიან ბევრი იმუშავეს და ორ დღეში დაიწყებენ მუშაობას. იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი დიდი სამინისტროა საქართველოში, ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენ ვართ ღია, გახსნილები თანამშრომლობისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს – საპატრულო, კრიმინალური, მართლწესრიგის ოფიცრები – ძალიან ხშირად აქვთ შეხება მოქალაქეებთან, ყველაზე მეტად.
აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, სამწუხაროდ, არის ხოლმე რაღაც გადაცდომები, ეს გადაღლილობის თუ დატვირთვის ბრალია, არ ვიცი. სამწუხაროდ, ეს ხდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სამართლიანი მოკვლევა თუ გამოძიება და სამართლიანი შეფასება ექნება ყველა იმ ქმედებას პოლიციელებისას”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.