რა განსხვავებაა ხელით მასაჟსა და აპარატურულ მასაჟს შორის – გაეცანით LPG აპარატის უნიკალურ მახასიათებლებს
მასაჟი ბერძნული სიტყვაა და იგი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. მასაჟის ხელოვნების შესახებ ინფორმაცია ინდოეთის, იაპონიის, კორეის, ეგვიპტის, რომის, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უძველეს წყაროებში გვხვდება. დღესდღეობით მასაჟის ხელოვნება უფრო დახვეწილია. თანდათან ჩამოყალიბდა მასაჟის სისტემები, სახეობები, მეთოდები და ფორმები მთელი თავისი ნიუანსებით.
მასაჟი რამდენიმე სახისაა: ჰიგიენური (პროფილაქტიკური), სამკურნალო, სპორტული, კოსმეტიკური, სეგმენტურ–რეფლექტორული და ა.შ.
ცალკე შეიძლება გამოიყოს ვიწროსპეციალიზირებული მასაჟის სახეობები: ანტიცელულიტური (სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი, უჯრედიდან ცხიმების გამოდევნისა და ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებელი) და ლიმფოდრენაჟის, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ჩაენაცვლოს. ასეთი მასაჟის ჩატარება შეიძლება როგორც ხელით, ისე აპარატურით.
მედიაჰოლდინგი „კვირა“, სწორედ ხელით მასაჟისა და აპარატურული მასაჟის თავისებურებებზე სასაუბროდ, ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ სხეულის კორექციის სპეციალისტს – მაია დურგლიშვილს, დაუკავშირდა.
რა არის მასაჟის მიზანი?
მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, სხეულის ორგანოების თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა. მას აქვს ორმაგი – ცენტრალური და ადგილობრივი მოქმედება, მასაჟის მთავარი შედეგია სისხლის ლიმფის ადგილობრივი გაუმჯობესება. იგი ერთ-ერთი შედეგიანი მეთოდია ლიმფოსტაზის (ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება) დროს. მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ხელით, ისე აპარატით.
მოგვიყევით აპარატურული მასაჟის შესახებ…
ბოლო პერიოდში უფრო ფართოდ ინერგება აპარატურული მასაჟი, რომელიც ორგანიზმზე მექანიკურ სტიმულირებას ახდენს. LPG-მასაჟის ტექნოლოგია 80-იან წლებში შემუშავდა, 1986 წელს კი უკვე დაპატენტდა. მისი სახელწოდება შეირჩა დამფუძნებლის ლუის პოლ ჟიტაის ინიციალების მიხედვით. LPG-მასაჟის ექსკლუზიური დაპატენტებული მეთოდია. როგორც ცნობილია, ყველაფერი საუკეთესო ესთეტიკურ ინდუსტრიაში მედიცინიდან მოდის. LPG მასაჟიც ამ მიზნით შეირჩა. ლუის პოლ ჟიტაის ტრავმების შემდეგ მასაჟის ბევრი კურსის გაკეთება დასჭირდა, რომელიც მისთვის მოსაბეზრებელი აღმოჩნდა. მან შეიმუშავა ტექნოლოგია, აპარატურული მეთოდი, რომელიც არა ხელით, არამედ მის ტრავმირებულ სხეულზე აპარატით იმუშავებდა. ამიტომ არის იგი ინოვაციური და ექსკლუზიური – დაპატენტებული მეთოდი.
უფრო მეტი რომ გვიამბოთ LPG-მასაჟის თვისებებზე… როგორც ვიცი, ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა ცელულიტის დასაშლელად…
LPG-მასაჟი, რომელიც ტანზე კეთდება, მიმართულია ლოკალური ცხიმების შემცირებაზე, ცელულიტის მკურნალობაზე, სხეულის კონტურის მოდელირებაზე, კანის გამკვრივებაზე და ლიფტინგზე. მისი მექანიკური ზემოქმედება აუმჯობესებს კანის ზედაპირს, ებრძვის ე.წ. ფორთოხლის კანს. პროცედურა ტარდება მანიპულით, რომელშიც მოთავსებულია თვითმოძრავი რგოლები. ვაკუუმური ასპირაციის საშუალებით სხეულში უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ლიმფური დრენაჟი, ასევე ის ხსნის შეშუპებებს, შეგუბებებს, აქტიურდება ლიპოლიზი, ებრძვის ფიბროზულ ცელულიტს, აუმჯობესებს კანის ტონუსს და ძალიან სწრაფად ხსნის კუნთების სპაზმს. ასევე, ხსნის ვენური უკმარისობის სიმპტომებს, აახალგაზრდავებს კანს და პაციენტს სიმსუბუქის მომენტალური ეფექტი აქვს.
LPG სახის მასაჟიც ძალიან აქტუალური და მოთხოვნადია, იმიტომ რომ არის არაინვაზიური და არააგრესიული. იგი მექანიკური მეთოდით ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სტიმულიზაციისთვის ახდენს მის ღრმა რეგენერაციას. ასევე, ებრძვის შეშუპებას, მიმიკურ ნაოჭებს, ხდება სახის მოდელირება, არასასურველი მასის მოცილება, კანს ენიჭება ელასტიურობა და ერთგვაროვნება. პირველივე პროცედურაზე კანი ერთგვაროვან და ბრწყინვალე იერს იძენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ლუის პოლ ჟიტაიმ შეამჩნია, რომ მის სხეულზე ნაიარევი და დაზიანებული ქსოვილი ერთგვაროვანი და უფრო გლუვი გახდა. რაც ყველაზე მთავარია, LPG-მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხდება. ლიმფოსტაზი არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ცხოვრების რიტმიდან არის გამოწვეული.
რა განსხვავებაა ხელით მასაჟსა და აპარატურულ მასაჟს შორის?
არავინ უარყოფს, რომ ხელით მასაჟი სასიამოვნოა, მაგრამ ცელულიტის შემთხვევაში ხშირად ხდება სხეულის ზეთით დამასაჟება, რომელიც ამ შემთხვევაში ჩამობანას საჭიროებს. ასე რომ, ამ ჭრილში, რა თქმა უნდა, LPG-მასაჟი უკეთესია, რადგან გვაქვს კომბინიზონის ჩაცმის საშუალება, რაც დროის ეკონომიისთვის კარგია და უფრო კომფორტულია.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ კომბინიზონი ძალიან სასიამოვნოა სხეულზე და მისი მეშვეობით თვითმოძრავი რგოლები უფრო მარტივად „მოეჭიდება“ სხეულს, უფრო ღრმად შეიწოვება პრობლემური ზონა. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ან შევამციროთ მანიპულის სიმძლავრე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე პროცედურა ნაკლებად მტკივნეულია და მიზერულად ტოვებს ტანზე სილურჯეებს. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით პაციენტს, რამდენად სასიამოვნოა მისთვის პროცედურა, რომ არ გამოიწვიოს დალურჯება.
პაციენტის კლინიკაში მოსვლისას, ჩვენ მის მორფოტიპს ვადგენთ, ანუ სხეულის რომელი ტიპთან გვაქვს საქმე – შერეულია, ანდროიდული თუ გინოიდური. ამის მიხედვით იქმნება LPG აპარატზე პროგრამა.
LPG პროცედურას ზედმეტი წონის გამო ძალიან ხშირად მიმართავენ მამაკაცებიც, ასევე სპორტსმენი მამაკაცები, რომლებსაც კუნთების ტონუსში მოყვანა სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ მამაკაცის სხეულის საფარი ქალბატონების სხეულის საფარისგან განსხვავდება, უფრო თმიანია და ძალიან რთულია თმიან ზედაპირზე მასაჟის კეთება, ეს ორმაგად მტკივნეულია და ბევრ მამაკაცს არ სიამოვნებს – თმის მოქაჩვისა და სიძლიერის გამო. ამიტომ მათთვის უფრო კომფორტულია კომბინიზონი, რომელსაც ქალბატონების კომბინიზონებისგან განსხვავებით, უფრო მკვრივი სტრუქტურა აქვს და უფრო მუქი ფერისაა.
LPG ვაკუუმური მასაჟის დროს, როდესაც საქმე ეხება ზურგის ზონას, პაციენტების უმრავლესობა მოდუნებული და თითქმის ჩაძინებულია, პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ პროცედურის ბოლოს, ხშირ შემთხვევაში, ყოველთვის ვაღვიძებთ პაციენტს.
როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება…
მასაჟი არ შეიძლება როზაცეას, ჰერპესის, ღია ჭრილობების დროს, როდსაც საქმე გვაქვს აკნესთან, ასევე არ შეიძლება ლაქტაციის და ორსულობის დროს, ონკოდაავადებების დროს. არ ვაკეთებთ მასაჟს მაღალი წნევის დროს, ასევე მაშინ, როდესაც პაციენტი ჰორმონალურ პრეპარატებს იღებს.
რა ინტერვალით შეიძლება მასაჟის გაკეთება?
კურსი ძალიან მოქნილია დაკავებული ადამიანისთვის, ეს არ კეთდება ყოველდღე, LPG-მასაჟი, ვაკუუმური მასაჟი კვირაში ორჯერაა დასაშვები, კურსის სახით კი – 10-12. თუ საქმე გვაქვს ცელულიტის პრობლემასთან და მისი მკურნალობაა საჭირო, უკეთესია თუ 20 პროცედურა ჩატარდება. რაც შეეხება ხელით მასაჟს, როგორც LPG მასაჟს, მასაც პერიოდულობა სჭირდება და ძალიან კარგია კურსის შემდეგ, კვირაში ერთხელ თუ გავიმეორებთ ეფექტის შენარჩუნებისთვის.
და ბოლოს, კიდევ რა დადებითი მახასიათებლებით გამოირჩევა LPG აპარატი?
საკმაოდ ჭკვიანი აპარატია. თავად მანიპულა ძალიან მოქნილია – სხვადასხვა სიძლიერისა და მიმართულების პროცედურის გაკეთება შეუძლია. აპარატის მანიპულა განკუთვნილია ხელის მტევნისთვის, მხოლოდ ქვედა კიდურებისთვის – დაღლილი ფეხებისთვის და ა.შ. მასაჟის პროცესის დროს შეგვიძლია სხვადასხვა პროგრამაზე გადაყვანა, მხოლოდ ერთი პროგრამით არასოდეს ვმუშაობთ.
LPG მასაჟის რამდენიმე პროცედურის გაკეთება ძალიან კარგია ლიპოსაქციამდე და ქირურგის მითითებით – ლიპოსაქციის შემდეგ. ასევე, LPG მასაჟი ძალიან კარგია ნაწიბურებისთვის, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის დროს ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.
აღსანიშნავია, რომ LPG მასაჟის დროს ძალიან კარგად მუშავდება ზურგის კუნთები, მომენტალურად იხსნება სპაზმები, ძალიან კარგია ხანგრძლივი ჯდომის, ფრენის შემდგომ, ეს პრობლემები „სერვის-ადამიანებს“ აქვთ, ამიტომ მათთვის აუცილებლობაც კია LPG მასაჟის პროცედურების ჩატარება.
კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80
მოამზადა ნინო გოლოშვილმა