“რისთვის გააცოცხლა სააკაშვილმა ღმერთი და რატომ გამოაცხადა ანტიქრისტედ გიგა ბოკერია”
რისთვის გააცოცხლა სააკაშვილმა ღმერთი და რატომ გამოაცხადა ანტიქრისტედ გიგა ბოკერია, – ამის შესახებ გაზეთი “ასავალ-დასავალი” წერს და კითხვას პასუხს ავტორი სტატიაში თავადვე სცემს.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სააკაშვილის მიერ ღმერთის გაცოცხლება, რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ბოკერიას პარტიისთვის ამომრჩევლების წართმევას ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ბოკერიას სექტა სააკაშვილის სექტას გამოეყო, მათი ამომრჩეველიც ორ ნაწილად გაიყო. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ნეიტრალური და, მით უფრო ანტინაცურად განწყობილი ამომრჩევლის მიმხრობის არავითარი შანსი არ აქვს, რის გამოც ცდილობს, ელექტორატი ისევ მონათესავე ბოკერიას პარტიას წაართვას. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას და მის ნაცმოძრაობას ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებს, ამიტომაც 2020 წლის არჩევნებისათვის მისი პროგრამა მაქსიმუმი ის არის, რომ მეორე ადგილზე გავიდეს და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეინარჩუნოს. ამისათვის გააცოცხლა ღმერთი სააკაშვილმა და ამიტომ გამოაცხადა ანტიქრისტედ გიგა ბოკერია, რომლის შესახებაც ქართველმა ხალხმა დიდი ხანია, ისედაც კარგად იცის, – წერია “ასავალ-დასავალში”.
როგორც გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, სააკაშვილის ნაცმოძრაობა ბოკერიას ევროქოცებისთვის ხმების წართმევას ცდილობს.
“სააკაშვილი იმ კატეგორიის ამომრჩეველზე ნადირობს, რომელიც ცხრაწლიან ნაცრეჟმს მისტირის და მის დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ ხმას არა “ნაციონალურ მოძრაობას” არამედ ბოკერიას ევრონაცმოძრაობას აძლევს. ფაქტი ჯიუტია, ხელიდან წასულმა ქართველმა ლიბერალებმა და ანტიქრისტეებმა, რომელთათვისაც მთელი მათი ძაღლუმადური ცხოვრების განმავლობაში ღმერთი მკვდარი იყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ღვთისმოშიში ქრისტიანის მანტია მოისხეს და ღმერთზე საუბარს მოუხშირეს”, – ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხზე”, გადაცემა “მთავარი აქცენტებში” რამდენიმე დღის წინ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს და ამის მაგალითად თავისი რელიგია მოჰყავს. ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ჯვარს ატარებს და მართლმადიდებელია.