რა ჩვენება მისცეს პოლიციელებმა, რომლებსაც კრიმინალებთან გარიგებასა და მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალი ედებათ

გამოძიების ინფორმაციით, მოქმედი პოლიციელები – დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი კრიმინალებს გაურიგდნენ და პოლიციის ფორმაში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და ბორკილდადებული იმ კრიმინალებს გადასცეს, რომლებიც დადეშელის მკვლელობას გეგმავდნენ. ზურაბ დადეშელს დანით 30 ჭრილ­ობა მიაყენეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ წყალმა გამორიყა.

როგორც “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, პოლიციელების გარდა, საქმეში მონაწილე პირებს სახელი და გვარი შეცვლილი აქვთ. გამოძიება მათ ამჟამინდელი პასპორტის მონაცემებით მოიხსენიებს. გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი ასათიანმა­ (გიორგი შონია) და მისმა თანამზრახველმა ზურაბ ჯღარკავამ (ზურაბ ბარბაქაძე) წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით ზურაბ დადეშელის (დავით­ მუმლაძე) მკვლელობა დაგეგმეს. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ასათიანი მოკლულის ერთ-ერთი შვილის ნათლიაა.

დადეშელს სამი მცირეწლ­ოვანი შვილი დარჩა. სამართალდამცავების მტკიცებით, სახლიდან მსხვერპლი დამნაშავეების დავალებით ზურაბ დადეშელის მეგობარმა, გიორგი­ გეთაშვილმა (ზურაბ ოქრუაშვილი) გამოიტყუა. გამოძიების მტკიცებით, საქმეში 6 პირი ფიგურირებს, აქედან 5-ს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დანაშაულს აღიარებენ დაკავებული პოლიციელებიც. გამოძიების მტკიცებით, დადეშელს ასათიანმა და ჟღარკავამ დანით 30 ჭრილობა მიაყენეს.

რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა.

“2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი­ იყო, დავით მუმლაძესთან (იგივე ზურაბ დადეშელი) ჰქონდა დაძაბულობა და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს… შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი თბილისში, შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც ჩაისვამდა მანქანაში ზურაბ დადეშელს, ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად იძულებით ჩავსვამდით ჩვენს მანქანაში და წავიყვანდით რუსთავში. იქ გადავსვამდით ჩემი სიძის მანქანაში… ჩემს ყოფილ კოლეგას, დიტო დუღაშვილს ვესაუბრე ჩემი სიძის პრობლემებზე. ავუხსენი, რომ დადეშელი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესაჭიროებოდა დახმარება… ისიც ავუხსენი, ჩემი სიძის მეგობარი გეთაშვილი ჩაისვამდა მანქანაში, ამის შემდეგ ჩვენ მივვარდებოდით, გადავსვამდით ჩვენს მანქანაში და გადავაბარებდით ჩემს სიძეს, ის ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე­ მოიყვანდა.

დუღაშვილი დამთანხმდა… შემდეგ დავუკავშირდი მიხეილ ღებიანურს, რომელიც ჩემი თანამშრომელია და შეხვედრა ვთხოვე. მასაც ვუამბე ყველაფერი და ისიც დამთანხმდა… 1-ლ ოქტომბერს დილით ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი­ თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათ­იანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათი­ანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა. ეს საუბარი შეიძლება გაეგო ღებიანურსა და დუღაშვილსაც, რადგან მოლაპარაკება ჩვენს ავტომანქანასთან ახლოს იყო. ამ საუბრის შემდეგ ისინი ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო მე დავჯექი­ ჩვენი ავტომანქანის საჭესთან და გავყევით მათ უკან. ცოტა ხანში გადავასწარით. გზაში ვუთხარი­ ბიჭებს, რომ ახლა ჩაისვამდა გეთაშვილი მუმლაძეს და გლდანში მოიყვანდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ისევ წამოგ­ვეწია ეს მანქანა­, ამჯერად მარტო იყო გეთაშვილი,­ მანიშნა, რომ გავყოლო­დით. ასათიანი როდის ჩამოვიდა მანქანიდან, არ ვიცი. მუხიანის მიმართულებით წავედით, გეთაშვილმა გააჩერა მანქანა, ჩვენ გავცდით და ოდნავ მოშორებით გავჩერდით. მალე ჩაგვიარა გვერდით გეთაშვილმა, უკვე იჯდა მუმლაძე. გლდანის ტერიტორიაზე გეთაშვილმა მანქანა ისევ გააჩერა და გადმოვიდა. ამ დროს სამივემ სწრაფად შევბოჭეთ მუმლაძე, მას “მაკაროვი” ამოუღო ღებიანურმა. ჩავაგდეთ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გვერდით მიუჯდნენ დიტო, მიხეილი და მიშა. მიშამ­ იარ­აღი, რომელიც ამოაცალა მუმლაძეს, გადმომაწოდა, მანქანის წინა სავარძელში დააგდეს მუმლაძის მობილურიც… რუსთავში რომ შევედით, მე დავუკავშირდი ჩემს სიძეს, ვუთხარი,­ რომ მას ველოდებოდით ქუჩის ბოლოში… ჩვენ ხელებზე ბორკილდადებული მუმლაძე ჯღარკავას და ასათიანს გადავეცით. ამის შემდეგ მტკვარზე გადასასვლელ ხიდთან ჩავუხვიეთ, გრუნტიან გზაზე გადავედით და მდინარე მტკვრის სანაპიროზე გავაჩერეთ და მუმლაძის იარაღი და ტელეფონი, ასევე ტრანზიტული სანომრე ნიშნები მტკვარში­ გადავყარე. ამის შემდეგ ჯერ ჩამოვსვი დიტო, მერე გადავჯექი ჩემს მანქანაში, სახლთან მივიყვანე ღებიანური და წავედი სახლში…

მომდევნო დღეს, საღამოს შევხვდი დიტო დუღაშვილს და მივეცი 4.000 ლარი… 4.000 ვაჩუქე ღებიანურს. ჩემი სიძე პერიოდულად მჩუქნის ხოლმე გარკვეული რაოდენობის თანხებს და ეს თანხაც მან მაჩუქა. ბიჭებს წინასწარ თანხას არ შევპირებივარ. 4 ოქტომბერს მიხეილ ღებიანურს გავუჩერე მანქანა, ამ დროს გამოიარა ჩემმა სიძემ და ვკითხეთ, თუ რა ბედი ეწია მუმლაძეს, მან გვითხრა, ის უკვე აღარ არსებობსო…”

მიხეილ ღებიანურის ჩვენებიდან:

“…გზაში გვისვამდა მუმლაძე კითხვებს, რატომ დამაკავეთ, რაშია საქმეო, მაგრამ არაფერს ვპასუხობდით… პოლიციაში ვიყავი 5 ოქტომბერს, რომ შემოვიდა შეტყობინება, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყაო, ეს იყო მუმლაძის ცხედარი. როგორც დათო მიროტაძისგან ვიცოდი, მას ცემას უპირებდნენ და იძულებულს გახდიდნენ საქართველო დაეტოვებინა. მოულოდნელად ვგებულობ, რომ ჯღარკავას და ასათიანს ის მოუკლავთ… რაც შეეხება 4.000 ლარს, იმ ფულით ვალები გავისტუმრე, 600 დოლარი პროცენტიანი ვალი მქონდა და მივეცი. 500 ლარი საქართველოს ბანკის ბანკომატში ჩავრიცხე, 300 ლარი კი დედაჩემს მივეცი, ხოლო დანარჩენი პირადი ოჯახური საჭიროებისთვის დავხარჯე”.

დიმიტრი დუღაშვილის ჩვენებიდან:

დიტო დუღაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გატაცებულ მუმლაძეს პოლიციელების დანახვაზე იმედიც კი ჩაესახა, რომ მას არაფერი ემუქრებოდა.

“…მიროტაძე “ვაცაპით” დამიკავშირდა­ და მითხრა, მოუკლავთო ის ბიჭი ასათიანს­ და ჯღარკავას. 4.000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე ლიბერთი ბანკში, 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი… როდესაც იმ პირს უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, ის გზაში გვეუბნებოდა,­ რომ გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები და არა სხვა პირები. მისი განმარტებით, მას ჰყავდა მტრები, ახსენებდა ვიღაც ზურას, რომელსაც რაღაც ენები მიუტანეს და გადაკიდებული იყო მასზე”.

გეთაშვილი პოლიციამ დადეშელის გაუჩინარების მეორე დღესვე დაჰკითხა. ის ძალოვნებს არწმუნებდა, რომ მეგობარი მუხიანში მანქანიდან ჩამოსვა. როგორც დადეშელის ოჯახის წევრი ამბობს, ის 5 დღე, როცა დაკარგულს ეძებდნენ, გეთაშვილი ოჯახს ამშვიდებდა, რომ ზურა გამოჩნდებოდა.

როგორც მოკლულის ოჯახის წევრი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს, მთავარი ზურაბ ბარბაქაძის დაკავებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი რამის მიჩქმალვა იქნება შესაძლებელი.

“ვიცი, რომ მკვლელობაში ბრალდებულებს ზურასთან კონფლიქტი ჰქონდათ. კონკრეტულად რაზე, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, ზურასი ეშინოდათ. ზურა და გიორგი შონია მეგობრობდნენ. გიორგი მისი შვილის ნათლიაა. ადვოკატი ამბობს, შონიამ სამეგრელოში გაიგო ეს ამბავი და მაშინვე წამოვიდა, ოჯახისთვის სამძიმარი რომ ეთქვაო. ცალსახად ვამბობ, ის ჩვენს სახლში ვერ მოვიდოდა. ახლა ცდილობენ, ისე შეკერონ საქმე, რომ გამოძვრნენ. მთავარია, დააკავონ ზურაბ ბარბაქაძე. ის თუ არ დაიჭირეს, ბევრი რამის მიჩქმალვა შეიძლება. ის ადრე არაერთ ცუდ საქმეშია მხილებული, ნასამართლევია და ბევრჯერ გამოძვრა. იმ დროსაც, როცა პოლიციამ ცხედრის ამოსაცნობად ოჯახის წევრები დაიბარა, ზურას მამის გვერდით იყო გეთაშვილი და ეუბნებოდა, არ ინერვიულო, ეს ზურას ცხედარი არ იქნებაო. ზურა რომ გაუჩინარდა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოვიღეთ და გავიგეთ, რომ გეთაშვილს ჰყავდა წაყვანილი. რომ დავრეკეთ, იუარა, მე არსად წამიყვანიაო. მეორე დღეს ვუთხარით, ჩანაწერები რომ ვნახეთ და ვიცოდით, მან წაიყვანა. ამის შემდეგ თქვა, ზურამ გამაფრთხილა, ეს არსად თქვაო და ამიტომ არ ვთქვიო. ზურასთან ბოლო ზარიც მისი იყო. მე რომ ვნახე გეთაშვილი, ძალიან აღელვებული იყო. ხელში ხურდა ეჭირა და წარამარა ძირს უცვიოდა. აშკარად ნერვიულობდა, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა. ზურას ბავშვებსაც კი მოეფერა ეგ სადისტი. ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. დღეს არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიციელები მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ. დამნაშავეების დასჯას ველოდებით”,- აღნიშნა მოკლულის ოჯახის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები