გია ხუხაშვილი: პრეზიდენტობა ზურაბიშვილისთვის არის სათამაშო, რომელსაც საკუთარი ნებით ვერ შეელევა
“შეწყალების საქმეზე თითქმის ყველა პრეზიდენტის დროს იყო შეკითხვები; ზოგჯერ ამ პრეტენზიებს პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ზოგიერთი ძალა პოლიტიკური ინტერესების გამო თემას აბუქებდეს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის საკითხი მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედების გადაწყვეტილებებისგან. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში არანაირი ფილტრი არ არსებობს. მოგეხსენებათ, სააკაშვილისა და მარგველაშვილის შემთხვევაშიც მუშაობდა შეწყალების კომისია, რომელიც სწავლობდა საქმეებს და ავად თუ კარგად არჩევდა შესაწყალებლებს. ამ შემთხვევაში არ არსებობს შერჩევის მექანიზმი, გარდა იმისა, რასაც გადაწყვეტს ერთი ადამიანი. შესაბამისად, შედეგად მივიღეთ არა მხოლოდ ერთეული შემთხვევები, როგორც სააკაშვილი ან მარგველაშვილის დროს, არამედ ერთბაშად რამდენიმე საქმე, რამაც ნათლად გამოაჩინა სისტემური პრობლემა, რომელზეც ერთნაირად ლაპარაკობს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც”, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის შეწყალების საქმეს საგაზეთო ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი.
როგორც “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ხუხაშვილი ამბობს, სალომე ზურაბიშვილი არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ისეთი ნაზავია, რომელიც ქვეყანას პრობლემად ექცა.
“ამ ყველაფრის ფონზე სრულიად არაადეკვატურია ზურაბიშვილი, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ გამოხტა და ხაჭაპურის თემაზე განცხადება გამოაცხო იმ დროს, როცა მის მიმართ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს არ პასუხობს. უკაცრავად პასუხია და, ეს ქალბატონი არის არაკომპეტენტურობისა და ამპარტავნობის ისეთი ნაზავი, რაც პრობლემად ექცა ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მას სამართლებრივი თვალსაზრისით დანაშაული არ ჩაუდენია, უბრალოდ, გამოიყენა დისკრეციული უფლება, მაგრამ აშკარაა, რომ მას შეუცურეს სია, რაც სწორედ მისი არაკომპეტენტურობის მაგალითია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ როდესაც შენი დისკრეციული უფლების გამოყენების გამო გამოძიება იწყება, შენს თანამშრომლებს კი ლამის ყოველდღე პროკურატურაში იბარებენ, გამოძიებას კი არ უნდა მიესალმო და იძახო, რომ არ აპირებ განმარტებების გაკეთებას, არამედ უნდა დაგვემშვიდობო…
ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტობა სათამაშოა, რომელსაც საკუთარი ნებით ვერ შეელევა.
“თუმცა პრეზიდენტობა ზურაბიშვილისთვის არის სათამაშო, რომელსაც საკუთარი ნებით ვერ შეელევა. იმედი მაქვს, გამოძიებას მოჰყვება შედეგი, რის შემდეგ მაინც გამოიტანს ზურაბიშვილი დასკვნებს და იგრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას”,- აღნიშნა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.