“ხაზარაძე არ დამხმარებია”, – ექსკლუზიური ინტერვიუ გუგუტიანთკარელ გივი რაზმაძესთან​ (ვიდეო)

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები გივი რაზმაძე, რომელიც სეპარატისტების მიერ მავთულხლართების დამონტაჟების გამო იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაენგრია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში “თიბისი ფონდის” მიერ მისთვის ხის კოტეჯი ჩაიდგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, “კვირამ” ოკუპაციის მსხვერპლ გუგუტიანთკარელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

როგორც გივი რაზმაძე ამბობს, სახლის დანგრევის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც მისი სახლის ეზოში ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს და იძულებული გახდა მამაპაპისეული სახლი დაენგრია. სწორედ მაშინ მიიღო ხაზარაძისგან დაპირება, რომ მას სახლი ექნებოდა.

“როცა ჩემს ბაღსა და სახლს იკავებდნენ, მაშინ მოვიდა. მნახა, შევხვდით, მითხრა სახლს ორ დღეში აგიშენებთო. იმის შემდეგ მე აღარ მინახავს, კავშირი საერთოდ არ მქონია. მე მადლობელი ვარ მაგ კაცის. ეს მთავრობაა და ისიც მხარში მიდგება ყველანაირად. იმის შემდეგ მე არავინ დამკავშირებია, ერთხელ დარეკეს და ეგ იყო და ეგა. დახმარებას კიდე, თუ რაღაცაა, ეს მთავრობა პატივს მცემს, მადლობელი ვარ. წამოსული ვარ, გორში დავსახლდი ამჟამად. კომპენსაცია რაც მომცეს, იმით მიწა ვიყიდე და საკუთარი ხელით ავაშენე პატარა სახლი. იქ საერთოდ არაფერი დამრჩა. ცარიელა ხელით წამოვედი. დღეს ვიყავი გუგუტიანთკარში ასული, მითხრეს ნახე ნაკვეთი და გიყიდითო. ვერ ვნახე. ნაკვეთები არის, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს”, – ამბობს “კვირასთან” საუბრისას გივი რაზმაძე. ​

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, რომელზეც სავარაუდოდ, კოტეჯი უნდა დაიდგას, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში “კვირას” უთხრეს, რომ არც კერძო პირს და არც რომელიმე ორგანიზაციას რაზმაძის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის თხოვნით არ მიუმართავს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამ დრომდე, რაზმაძეების ოჯახისთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით არც კერძო პირს და არც რომელიმე ორგანიზაციას არ მოუმართავს”, – ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” პრესსამსახურის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ის კოტეჯი, რომელიც რაზმაძეების ოჯახისთვის იყო შეკვეთილი უკვე აშენებულია და მხოლოდ მიწის ფართის საკითხია გასარკვევი. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ “თიბისი ფონდს” მუდმივი კომუნიკაცია აქვს რაზმაძეებთან.

“ეს სახლი შეკვეთილიც არის და გამზადებულიც. თვითონ რაზმაძეებთან გვაქვს კომუნიკაცია და განცხადებას ცოტა ხანში გავაკეთებთ. რა ვადებიც იყო ნათქვამი და რა დროც დასჭირდა კოტეჯის გაკეთებას, ეს პერიოდი იყო გამოყენებული ამისთვის. ერთადერთი ფართის საკითხია გასარკვევი. საკმაოდ კომფორტული კოტეჯი აიწყობა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც რაზმაძეები მოიწონებენ. თვითონ სახლი უკვე გამზადებულია და საჭიროებს ადგილზე განთავსებას”, – ნათქვამია “ლელოს” პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები