სუიციდის მცდელობა სიყვარულისთვის და თვითმკვლელობა ძმის გამო – ფოთელი ძმების ტრაგიკული ამბის უცნობი დეტალები
ფოთში 4 სექტემბერს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ახალი და აქამდე უცნობი დეტალები “კვირამ” გაარკვია.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, 21 წლის გიორგი გუჯაბიძემ თვითმკვლელობა თავის ჩამოხრჩობით, შეყვარებულთან დაშორების გამო სცადა.
ამჟამად ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
“კვირას” ინფორმაციით, მას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს, ამასთან მას უჰაერობის შედეგად ფილტვები გაუსკდა და გულზე ინფარქტი მიიღო.
ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც “კვირას” ძმების ოჯახის ახლობელი უყვება გიორგი გუჯაბიძემ შემთხვევამდე გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.
წყაროს ინფორმაციით, ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს ვალის არსებობას. ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მან შემთხვევამდე, შეყვარებულის მიერ მიწერილი მესიჯი დაასახელა.
„გიორგის არასოდეს ჰქონია ვალი და ეს ნამდვილად დაუჯერებელია მიზეზი იყოს. არის ვერსია, რომ შეყვარებულმა უთხრა, სხვა მოეძებნა და დაშორებოდა მას. რაზეც ჩემმა შვილმა უპასუხა, რომ სხვას ვერ მოძებნიდა, რადგან ის უყვარდა გაგიჟებით. ვიცნობ ამ გოგოს და ამ ვერსიის დაჯერებაც არ მინდა“, – ამბობს გუჯაბიძეების ოჯახის ახლობელი.
ფოთელმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობა დეიდის სახლში სცადა, სადაც მალევე იპოვეს.
„დედის დამ იყიდა ახალი სახლი, სადაც სარემონტო სამუშაოებს გიორგი ხელმძღვანელობდა. ჰყავდა დაქირავებული მუშები. ეს ყველაფერი კი მაშინ ჩაიდინა, როცა იქ არავინ იყო. წინასწარ გააზრებულად დაგეგმა გამოდის. თვითონაც ხელოსანი ბიჭია და სახლში რასაც ხედავთ მისი ხელითაა გაკეთებული. მას არანაირი გაჭირვება არ ჰქონდა ფინანსურად რომ თავი ამის გამო მოეკლა“, – განმარტავს წყარო “კვირასთან” საუბარში.
რაც შეეხება პოლონეთში ემიგრაციაში გარდაცვლილ ძმას, გიგი გუჯაბიძეს, გავრცელებული ინფორმაციით, ძმის, სუიციდის მცდელობის ფაქტის გაგების შემდეგ, კორპუსიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. გუჯაბიძეების ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გიგის საქართველოდან დაურეკეს და ძმის გარდაცვალების შესახებ მცდარი ინფორმაცია უთხრეს, რის შედეგადაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გიგი გუჯაბიძის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით “კვირას” განუცხადეს, რომ აღნიშნული პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პოლონეთის სამართალდამცავი ორგანო საქმის გამოძიებას დაასრულებს.
“საგარეო უწყება პოლონეთში გარდაცვლილი ახალგაზრდის საკითხზე აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში. პოლონური მხარის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ცხედარი ქართულ მახრეს გადეცემა”, – ამბობენ უწყებაში.
ძმების ბებია იხსენებს, რომ გიორგი ძალიან მხიარული იყო. ბავშვობიდანვე უკრავდა უამრავ მუსიკალურ საკრავზე და ხშირად ხუმრობდა, ჩემი მუსიკალური ბენდი მაქვს ქუჩაზეო, რადგან ყველას ასწავლა თითო-თითო ინსტრუმენტზე დაკვრა.რო
გორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფოთში მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.