“პატრიარქმა ჩემი ხელი აკურთხა და სიკეთის შემოქმედი უწოდა” – გორელი ხატმწერი მეჩე, რომელიც ნამუშევრებს უსასყიდლოდ გასცემს
გორში მას “მეჩეს” სახელით იცნობენ. მისი ნამდვილი სახელი და გვარი გაბრიელ მეჩითოვია. ის გორის ყველაზე ძველ უბანში, ქართული ეზოს პირველ სართულზე, განმარტოებით ცხოვრობს. რამდენიმე დღე ვთხოვდით “მეჩეს” ინტერვიუზე თანხმობას, საქმეების გამო უარს მეუბნებოდა, თუმცა გორში მისი “საქმეები” ყველამ კარგად იცის. ბოლო წლებია მეჩეს განუყრელი მეგობარი არყის ბოთლია, რომელმაც მეჩეს ხატების წერის, მინანქარზე მუშაობისა და მხატვრობის ნიჭი მთლიანად გაანადგურა. როგორც თავად ამბობს, “საქმეების” გამო იშვიათად თუ უბრუნდება ძველ ხელობას, თუმცა ხატების წერა ყველაზე მეტად უყვარს. “როცა ხატს ვწერ სიმშვიდეს ვგრძობ”,- ამბობს მეჩითოვი.
მეჩეს სახლთან მისულებს, მასპინძელმა გაგვიღო კარი. მიუხედავად იმისა, რომ დაგვპირდა, მაინც მიპარულა ცოტა სასმელს, როგორც თავად იტყოდა – “საქმეებს”. მასპინძელი გულთბილად დაგვხვდა და სასწრაფოდ, დილით დასრულებული ნამუშევარი გვაჩვენა. გორში მრავლად მოიძებნება ოჯახი, სადაც მეჩეს ნამუშევრებს შეხვდებით, თუმცა უმეტესობა მათგანმა არ იცის, ვინ არის მათ ოჯახებში დაბრძანებული ხატების ავტორი.
-როდის დაიწყეთ ხატების წერა?
-2002 წელს ქურდობის ბრალდებით რუსთავის #2 იზოლატორში მოვხვდი. დრო ბევრი მქონდა და დავიწყე ფურცელზე კონტურების გაკეთება, ასე დრო მალე გადიოდა, ნელ-ნელა კონტურების შეფერვა დავიწყე. ჩემი ოჯახის წევრებს საღებავებისა და ფუნჯების შემოგზავნა ვთხოვე. შემიყვარდა ხატების წერა. ყოველ დღე ვწერდი და სულ უფრო და უფრო მიზიდავდა ეს საქმე. დღეს, როცა დაკავებული არ ვარ – ხატების წერას ვიწყებ.
– პატიმრობაში ყოფნისას კათალიკოსს პატრიარქს შეხვდით, როგორ შეაფასა თქვენი ნამუშევრები?
– ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო. ჩვენთან ციხეში მამაო მოვიდა, რომელმაც ჩემი დაწერილი ხატი წაიღო და პატრიარქს აჩვენა. ამის შემდეგ, მქონდა ბედნიერება ილია მეორეს შევხვედროდი, რომელმაც ჩემი ხელი აკურთხა და „სიკეთის შემოქმედი უწოდა“. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში, ვიგრძენი უფლის დიდი სიყვარული, თითქოს მეორედ დავიბადე. ამ სიყვარულმა მომცა ძალა, რომ კიდევ უფრო მეტი ხატი დავწერო. როცა ხატს ვწერ სიმშვიდეს ვგრძნობ.
-ვინ არის თქვენი ნამუშევრების ყველაზე დიდი შემფასებელი?
-სახლში მარტო ვარ, ოჯახი ცალკე ცხოვრობს. ჩემი ნამუშევრების ყველაზე დიდი შემფასებელი თავად უფალია, თუ მას “ზემოდან” არ ენდომება, მე ვეღარ შევძლებ ხატების წერას. ბოლო დროს ხშირად ვეღარ ვახერხებ მუშაობას. წმინდა ნინოს ეს ხატი დღეს დავასრულე ( აკანკალებული ხელით მაჩვენებს ხატს და სიამოვნებით დასცქერის თავის ნამუშევარს) ორი ღამე მოვანდომე ამ ხატის დაწერას.
-მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ.
-აბა რა ვთქვა, მყავს ცოლ-შვილი, მაგრამ ცალკე ცხოვრობენ. არ მინდა მათზე ლაპარაკი…
– რა ბედი ელის ამ ხატს? შეკვეთებს თუ იღებთ?
-ნუ იფიქრებთ, რომ გავყიდი. აბა ხატს რა გამაყიდინებს. გავაჩუქებ. მიყვარს, როცა შრომას მიფასებენ და მადლობას მეუბნებიან. სანაცვლოდ პატივს მცემენ ( ალკოჰოლურ სასმელი გულისხმობს), აბა სიყვარულის მეტი რა დაგვრჩენია ამ ცხოვრებაში. გავუხაროთ ერთმანეთს გულები და უფალსაც ვეყვარებით.
-ოდესმე გიფიქრიათ გამოფენის მოწყობაზე?
-არა, ჩემო კარგო, აბა ვის რათ უნდა “მეჩეს” ნამუშევრების გამოფენა. ჩემი გამოფენა ჩემი სახელოსნოა. დავჯდები, შევაზავებ ფერებს და ხატს დავწერ. მერე ვინმეს ვაჩუქებ. ესაა ჩემი გამოფენაც და ბედნიერებაც.
-გქონიათ შემოთავაზება, რომ პროფესიად და შემოსავლის წყაროდ გექციათ თქვენი შემოქმედება?
– მითხრეს რამდენჯერმე, მაგრამ უარი ვუთხარი. მე სხვა ცხოვრება მიყვარს. თავისუფლება, მეგობრები და დროის ლამაზად გატარება. ყოველ დილით მეჩემ თავისი მეგობრები რომ არ ნახოს, აბა ის რა დღეა.
-და ბოლოს რა არის თქვენი ოცნება?
-ხალხს ერთმანეთი უყვარდეს და ბევრი საღებავები მქონდეს. დანარჩენი მეჩემ იცის.
სანამ მეჩეს ვეწვეოდით, მის სახლზე სხვა წარმოდგენა გვქონდა, ვფიქრობდით, რომ ქაოსი, როგორც ხელოვან ადამიანებს სჩვევიათ, დაგვხდებოდა, მაგრამ იქ მისულები სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. არყის სუნით გაჟღენთილ ოთახში ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. განსაკუთრებული ყურადღება კი მეჩეს სამუშაო კუთხემ მიიქცია. საგულდაგულოდ გარეცხილი ფუნჯები, საღებავების პალიტრა, რომელიც იმდენად სუფთად ეწყო, ძნელად თუ დაიჯერებდა ადამიანი, რომ მათ პატრონს ყოველდღე “საქმეები” აქვს…
ნინო ბერძენიშვილი