“არაერთი ოსი თუ ქართველი ჯარისკაცი დაჭრილა ჩემი სახლის წინ და მე მათთვის მომივლია” – 63 წლის ორგზის დევნილი ქალბატონის ისტორია
63 წლის ქრისტინე კვაღინიძე ცხინვალიდან და სამაჩაბლოდან ორგზის დევნილია. საკუთარი ემოციური ისტორია მან “კვირას” უამბო.
ქრისტინე კვაღინიძე 1956 წლის 26 ივლისს ცხინვალში დაიბადა, დაამთავრა ცხინვალის მედტექნიკური, შემდეგ სწავლა რუსეთში ივანოვის სახელობის სამრეწველო ინსტიტუტში გააგრძელა. განათლების მიღების შემდეგ მუშაობა ცხინვალის ტრიკოტაჟის ქარხანაში განაგრძო. 1975 წელს დაოჯახდა და ცხოვრება ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარე სოფელ თამარაშენში გააგრძელა.
ინტერვიუ დევნილ ქალბატონთან ემოციური აღმოჩნდა, რესპონდენტის თვალებში უდიდესი ტკივილი და ამავდროულად სიამაყის განცდა იკითხებოდა. ინტერვიუს პროცესი ხანგრძლივი იყო, რადგან ჩემი რესპოდენტი თვალებზე მომდგარ ცრემლებს იკავებდა, თითქოს არ უნდოდა მისი ცრემლები ვინმეს დაენახა. ცოტა ხანში კი მითხრა, რომ ხეობის ხალხი ომშია გამოწრთობილი და სისუსტე არ უხდებათ. ქალბატონი ქრისტინე ქართველ დედათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც 13 წლის შვილი სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე გაგზავნა და ამაყია, რომ მისი ორივე შვილი დღემდე ქვეყნის სამსახურში რჩება და დარწმუნებულია, ხვალაც რომ დასჭირდეს სამშობლოს ისინი კვლავ იარაღმომართულნი დაიცავენ საკუთარ ხალხსა და მიწას.
-მოგვიყევით თქვენს შესახებ, გავაცნოთ თქვენი პოროვნება ჩვენს მკითხველს
-დავიბადე ცხინვალში. 1975 წელს გავთხოვდი სოფელ თამარაშენში გოგიძეების ოჯახში. ბაქიაობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემი ოჯხი ერთ-ერთ პატრიოტ ოჯახად ითვლებოდა დიდი ლიახვის ხეობაში. სოფელ თამარაშენში ქართული ბლოკ-საგუშაგო ჩემი სახლის წინ იყო განთავსებული, ამიტომ ძალიან ბევრი უბედურების თვითმხილველი გავხდი, ყოველთვის გვერდზე ვედექი სხვის შვილებს, ჩემთვის არ არსებობდა სხვისი შვილის ცნება, ჩემს კარებთან ვინც იდგა ყველა ჩემი შვილი იყო. კარგად ვიცი რა განცდაა, მაშინ როდესაც სხვებს მშვიდად სძინავს და შენი შვილი იარაღმომართული დგას საზღვართან. არაერთი ოსი თუ ქართველი ჯარისკაცი დაჭრილა ჩემის სახლის წინ და მე მათვის მომივლია, ეს ჩემი ვალია იყო. ხვალაც, რომ საჭირო გახდეს ისევ იგივე დედობრივ მზრუნველობას გამოვიჩვენ ოსი ჯარისკაცების მიმართ.
–თამარაშენი ერთ-ერთ ყველა დიდკომლიან ეთნიკურად შერეულ სოფლად ითვლებოდა დიდი ლიახვის ხეობაში , როგორ გაიხსენეთ ოს მოსახეობასთან თანაცხოვრების პერიოდს?
-ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც შთამაგონეს, რომ არ არსებობს ცუდი ეროვნება, არსებობენ ცუდი ხალხი, ამიტომაც ჩემთვის ეთნიკურად ოსი დღემდე მიუღებელია, ისინი ჩვენი მოძმეები არიან. ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო პერიოდი სწორედ ოს მეგობრებსა და მეზობლებს უკავშირდება. მენატრებიან…( ჩვენმა რესპონდენტმა პაუზა გააკეთა და თვალებზე მომდგარი ცრემლები , აკანკალებული ხელით მოიწმინდა) დიახ მენატრებიან, მენატრება ჩემი სახლის დიდ ეზოში გაშლილი სუფრები, ქართული მრავალჟამიერი და ოსური ცეკვა , იცით რა ლამაზი სანახავი იყო…( ისევ პაუზა აცახცახებული ხელით ჭიქიდან წყალი მოსვა). მძიმე ჯვრის ტარება გვიწევს დევნილებს, საზღვარს მიღმა დარჩა ჩვენი სახლები, მიწები, მეგობრები, მაგრამ წამოვიღეთ ყველაზე დიდი სიმდიდრე – მოგონებები.
– 90-იან წლებში ცხინვალში განვითარებული მოვლენების გამო სახლის დატოვება მოგიწიათ…
-როდესაც ცხინვალი დავტოვე მქონდა განცდა, რომ ყველაფერი თავზე დამექცა, ვეღარაფერს შევძლებდი. თამარაშენში იყო უნივერმაღი, რომლის პარტონმაც მე და ჩემს მეუღლეს სავაჭრო ობიექტის ამუშავება შემოგვთავაზა, თანხმობა განვუცხადეთ. ერთობლივი ძალებით უნივერმარღი ავამუშავეთ, თუმცა ჩვენი სავაჭრო დაწესებულება მოქცეული იყო ორ სამხედრო პლოკ-საგუშაგოს შორის და მუდმივი სროლების შედეგად არაერთხელ დაზიანდა, ბოლოს როდესაც წვერიახოს მხრიდან წამოსულმა ჭუვრმა კვლავ მთლიანად დაგვიმსხვრია მინები გადავწყვიტეთ შეგვეჩერებინა უნივერმაღის მუშაობა. დავკეტეთ ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო. გადის გარკვეული პერიოდი ჩვენთან სტუმრად მოვიდა ჩვენი ოსი მეგობარი სახელად რუსლანი, რომლის საუბარმა, გვერდში დგომამ კიდევ ერთხელ მე და ჩემს მეუღლეს მოგვცა სტიმული კვლავ აგვემუშავებინა უნივერმაღი და ფეხზე დავდგარიყავით.
განსაკუთრებულად საშინელი იყო 90 -იანი წლები ჩვენი ოჯახისთვის. ერთ საღამოს როდესაც მთელი ოჯახი ვვახმშობდით, მოულოდნელად ჩვენს ეზოში ხელნაკეთი ხელყუმბარა გაურკვეველი მიმართულებიდან ისროლეს. იმ დროს ჩემი რძალი ფეხმძიმედ იყო, მიღებულ შიშზე ნაყოფი დაზიანდა და ბავშვი თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა. დღეს ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, ცენტრალური ნერვიული სისტემა აქვს დაზიანებული.
– შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი…
– საშინელი…( კვლავ პაუზა, დუმილი. ჩემს რესპონდენტს ინრეტვიუს შეწყვეტა, შესვენება შევთავაზე, რადგან მისი ცრემლებით სავსე თვალების ყურება ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა ღრმა ჩასუნთქის შემდეგ კვლავ გაგრძელა საუბარი) მძიმეა აგვისტოს ომზე საუბარი, ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილია ჩემთვის. 8 აგვისტოს სამუდამოდ დავტოვე მთელი ჩემი განვლილი ნახევარი საუკუნე, დღემდე ჩამესმის ქვემეხების ხმა, ტყვიების ზუზუნი, თვალწინ მიდგას ჩემი მეგობრებისა და მეზობლების სახეები , რომლებსაც საშინელი ტკივილი, დაბნეულობა ჰქონდათ აღბეჭდილი. წამოსვლისას მხოლოდ რამოდენიმე ფოტოს წამოღება მოვასწარი, ჩემი შვილებიც კი ომის წინა ხაზზე დავტოვე, საბედნიეროდ ორივე ცოცხალი დამიბრუნდნენ. 2008 წლის ომის შემდგომ ჩემს სახლთან ერთად, ჩემო ხალხმარავალი ოჯახიც დაინგრა. მე და ჩემი მეუღლე გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობთ, ჩემი ბიჭები კი სხვადასხვა ქალაქებში. დღეს ისინი ჩემთან სტუმრად მოდიან, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
გორში ცხოვრება კვლავ ცარიელი ადგილიდან დავიწყე, რომ არა ჩემი ახლობლებისა და ჩემი ახლანდელი ხელმძღვანელის მაია თომაშვილის გვრდზე დგომა კვლავ გამიჭირდებოდა ცარიელი ფურცლიდან ყველაფრის დაწყება. ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, 200 კვადრატულიანი თამარაშენის სახლიდან მოულოდნელად 50 კვადრატულ კოტეჯში აღმოვჩნდი, გარშემო ომგამოვლილი დასტრესებული ხალხი, უცხო გარემო. თუმცა ომიდან 11 წლის თავზე იმედი კვლავ მაქვს, რომ დავბრუნდები ჩემს სოფელში.
– რა ინფორმცია გაქვთ, რა მდგომარეობაში ახლა თქვენი სახლი?
-ჩემი ოფლით აშენებული სახლიდან ახლა მხოლოდ ჩონჩხიღაა დარჩენილი ( აცახცახებული ხელით სამედიცინო ხალათი ჯიბიდან ტელფონს იღებს, სათვალის იკეთებს, ვხედავ როგორ სველდება სათვალის მინა. ფოტოს გადაღება ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა. ომებგამოვლილ ქალს ტირილი არ უხდებაო) აი , შვილო, ეს ფოტო ჩემმა მეგობრებმა მომაწოდეს, აი ესღაა დარჩენილი. ჩემს ეზოში კი დღეს ოსი და რუსი სამხედროებისთვის ხისფაცხებია მოწყობილი, სადაც საჭმელს მიირთმევენ ხოლმე. როგორც გავიგე, მთლიანად გადასწორებულია სოფელი თამარაშენი. აქა -იქ თუა ნასახლარები შემორჩენილი. არ მინდა მიწასთან გასწორებული თამარაშენის ნახვა, გულის ამას ვეღარ გაუძლებს. ამ ფოტოსაც იშვიათად დავხედავ ხოლმე, მინდა რეალობისგან გაქცევა, მინდა ჩემს მეხსიერებაში ისევ ისეთი დარჩეს ჩემი ხეობა, ნაყოფიერი, ხვავიანი, ბარაქიანი, მშრომელი და ბედნიერი ოსებით და ქართველებით.
-როგორ ფიქრობთ დასრულდება თქვენი ნოსტალგია და შეძლებთ დაბრუნებას თქვენს სოფელში?
-აუცილებლად. (მზერა ეცვლება, თვალებში ბედნიერების სხივი გამოჩნდა) მე თუ არა ჩემი შვილიშვილები მაინც დაუბრუნდებიან ჩემს კერას. მზად ვარ მესამედ ისევ თავიდან დავიწყო ჩემი სახლის შენება. მე და ჩემი მეუღლე მაგ იმედით ვცოცხლობთ უკვე 11 წელია, ოდესმე ჩვენთვისაც „გათენდება“.
მინდა მივმართო კონფლიქტის ორივე მხარეს, ურთიერთობა უნდა დათბეს, ასე ადვილი არაა ერთი ხელის მოსმით საუკუნო მეგობრობა მტრობაში გადაიზარდოს. ოსი ჩვენი მტერი ვერასდროს იქნება და არც იქნებოდა ეს კონფლიქტი, რომ არა მესამე ძალა. მე მწამს ყველაფერი დალაგდება და ისევ ძმურად ვიცხოვრებთ.
ჩვენთვის დევნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წელიწადში ერთხელ აღდგომის დღესასწაულებთან დავაკვშირებით, საზღვარი გაიღოს და ჩვენი მიცვალელულებისთვის, რომელთა საფლავებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა მოვლა -პატრონობა და პატივის მიგება შეგვეძლოს.
-ახლა რას საქმიანობთ?
-უკვე 6 წლია გორში “ავერსის“ აფთიაქში დიასახლისის პოზიციაზე ვმუშაობ. სწორედ ჩემმა ხელმძღვანელმა მაია თომაშვილმა და არაჩვეულებრივმა კოლექტივმა შემიმსუბუქა დევნილობის მძიმე ტვირთი. მე დღეს ამ დიდი ოჯახის სრულყოფილი წევრი ვარ. ნათქვამია “დრო ყველაფრის მკურნალია”, არა შვილო, დრო უბრალოდ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის, თუმცა დღე არ გავა, რომ ამ ტკივილმა თავი არ შემახსენოს. ხანდახან ტკივილი იმდენად დიდია, რომ განმვარტოვდები ხოლმე და ჩუმად ვტირი…
ინტერვიუს შეწყვეტა მომიხდა, რადგან მეც გამიჭირდა მისი ცრემლიანი თვალების ყურება, რომელსაც მთელი ინტერვიუს დროს ასე გულდასმით მიმალავდა…
ნინო ბერძენიშვილი