შსს-ს ადმინისტრაცია ოპერატიულ–სამორიგეო საქმიანობის ახალ სტანდარტებზე გადავიდა

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოპერატიულ–სამორიგეო საქმიანობის სიახლეების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შსს-ს ადმინისტრაცია ოპერატიულ–სამორიგეო საქმიანობის ახალ სტანდარტებზე გადავიდა. რეფორმა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2013 წელს იყო ინიცირებული. სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის შედეგად, გაიზარდა დანაშაულის შეტყობინების ოპერატიულობის ხარისხი, დაინერგა დანაშაულის აღრიცხვიანობის სიზუსტისა და უტყუარობის კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, შეიქმნა დანაშაულის კრებსის ახალი ელექტრონული სისტემა და დანაშაულის ელექტრონული რუქა, რომელიც კრიმინოგენული ვითარების როგორც ოპერატიული, ისე სტრატეგიული ანალიზის საშუალებას იძლევა.
აგრეთვე, გადაიხედა 1993 წელს მიღებული მოქმედი სამორიგეო საქმიანობის ინსტრუქცია და მის ნაცვლად შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მორიგე პოლიციელის საქმიანობის ორგანიზაციას თანამედროვე დასავლურ პრინციპებზე აფუძნებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებები კრიმინალთან ბრძოლისა და დანაშაულის პრევენციის ხარისხის ამაღლებას ემსახურება და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მაღალ შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები