გიორგი კანდელაკი: “მერაბიშვილის საქმეზე” ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორადაა ინტერპრეტირებული

„ტყუილია, თითქოს, მინისტრთა კომიტეტმა ნორმალურად მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად, არადა პირიქითაა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი “ივანე მერაბიშვილის საქმეზე” გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს. მისივე თქმით, “მერაბიშვილის საქმეზე” ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასწორადაა ინტერპრეტირებული.
​„ტყუილია, თითქოს, მინისტრთა კომიტეტმა ნორმალურად მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. არადა, პირიქით, განცხადებაში შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის აღიარებული დაზარალებულად. ტყუილია, თითქოს, მინისტრთა კომიტეტი აღარ დაუბრუნდება ამ საქმის განხილვას სექტემბერში. არასწორად არის ინტერპრეტირებული “მერაბიშვილის საქმეზე” ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თითქოს, მერაბიშვილის პატიმრობა ევროსასამართლომ კანონიერად მიიჩნია. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება იმის დასტური იყო, რომ საქარველოს ხელისუფლებას სხვა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ასეთი საკითხების ლობირების ნაცვლად, საკუთარი რესურსები ჩვენი ქვეყნის ინტერესების ლობირებას მოახმაროს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
​საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 5 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა “ივანე მერაბიშვილის საქმეზე” სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა. მათივე ინფორმაციით, კომიტეტმა კვლავ მოიწონა ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები