ინდოეთმა და აშშ-მა დედამიწის დეტალური რუკის შესაქმნელად თანამგზავრი გაუშვეს

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციამ და აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ NISAR-ის თანამგზავრი გაუშვეს, რომელიც დედამიწის ზედაპირზე ცვლილებებს დეტალურად დააფიქსირებს, – ამის შესახებ NASA-ში განაცხადეს.

„NISAR-ის თანამგზავრი, რომელიც მოწინავე რადარის სისტემით არის აღჭურვილი და რომელიც დედამიწის დინამიურ 3D რუკას შექმნის უპრეცედენტო დეტალებით, სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან… ანდრა-პრადეშიდან, ინდოეთში გაუშვეს“, – ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.

გამოცემის ცნობით, თანამგზავრს შეუძლია ხმელეთსა და ყინულზე ყველაზე მცირე ძვრების დაფიქსირება სანტიმეტრამდე სიზუსტით. შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კატასტროფებზე რეაგირებაში, ინფრასტრუქტურის მონიტორინგსა და სოფლის მეურნეობაში.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, თანამგზავრი აღჭურვილია ორი რადარით, რომლებიც პლანეტის ზედაპირს 12 დღეში ორჯერ დააკვირდებიან.

ამასთან, თანამგზავრს შეეძლება მონიტორინგი სამხრეთ ნახევარსფეროს ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი განახორციელოს. უფრო მეტიც, NISAR-ის თანამგზავრს ღრუბლებში „ხედვა“ შეუძლია.

მიმდინარე წლის თებერვალში ინდოეთმა და შეერთებულმა შტატებმა კოსმოსური კვლევის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის, გრძელვადიანი კოსმოსური ფრენების ჩათვლით. აღინიშნა, რომ NASA და ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია ერთობლივი NISAR მისიის გაშვებას გეგმავენ, რომლის მიზანიც დედამიწის ზედაპირზე ცვლილებების რუკაზე დატანა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები