თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალებისთვის რუსული წარმოების აღჭურვილობა შეიძინა

გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი სომხური კომპანია „ARPANIV“ გახდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას აკუმულატორებითა და საბურავებით ამარაგებს. გამოცემის მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ეს კომპანია არ გახლავთ უშუალო მწარმოებელი და ის საქართველოში რეექსპორტს რუსეთიდან ახორციელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული საქმის სპეციალისტები ამბობენ,რომ ეს დაახლოებით იგივეა, პენტაგონმა ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის მესამე ქვეყნის გავლით ირანული წარმოების ტექნიკა რომ იყიდოს, ოღონდ ეს მესამე ქვეყანაც ირანის ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირე უნდა იყოს.
გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სატვირთო ავტომობილების საბურავების შესყიდვაზე ტენდერი 2014 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა, აკუმულატორების შესყიდვაზე კი – 4 მარტს. ამ დროისთვის „არპანივი“ საქართველოს ბაზარზე საერთოდ არ ოპერირებდა. მეტიც, საძიებო სისტემაში ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ „უცხოური საწარმოს ფილიალი არპანივი“ საქართველოში მხოლოდ 2014 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის იურიდიული მისამართი პეტრე იბერის ქუჩაზეა. დირექტორის პოზიციაზე კი სოს ჰაკობიანია მითითებული. საქართველოში დარეგისტრირებისთანავე “არპანივმა” თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი წარადგინა. სამრაუნდიან ვაჭრობაზე ის კონკურენციას ცნობილ ბრენდს „თეგეტა მოტორსს“ უწევდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ, მთელ რიგ შემთხვევებში, უპირატესობა მიანიჭა სულ რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებულ სომხურ კომპანიას, რომელიც, რეექსპორტს რუსეთიდან ახორციელებს.
სატენდერო კომისია ტენდერში „არპანივის“ გამარჯვებას შემოთავაზებული დაბალი ფასით ხსნის, თუმცა „თეგეტა მოტორსისა“ და სომხური კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფასებს შორის სხვაობა იმდენად მიზერულია, ვერ ვიტყვით, რომ ტენდერში “თეგეტას” გამარჯვებით თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდიდა. მაგალითად, სატვირთო ავტომობილების საბურავებზე გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში „თეგეტა მოტორსის“ მიერ წარდგენილი საბოლოო ფასი 197 ათას 914 ლარია, „არპანივის“ მიერ წარდგენილი ფასი კი – 197 ათას 913 ლარი. ანუ ალასანიას უწყებამ რუსული წარმოების საბურავებს უპირატესობა მხოლოდ ერთლარიანი სხვაობის გამო მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტენდერში გამარჯვება “თეგეტა მოტორსმაც” მოიპოვა, “არპანივთან” დადებული ხელშეკრულება, ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებში სერიოზულ კითხვებს ბადებს.
რეალურად, რატომ შეაჩერა არჩევანი თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ დარეგისტრირებულ კომპანიაზე? ამის გასარკვევად, გამოცემა “არპანივის” თბილისის წარმომადგენლობას მითითებულ კოორდინატზე დაუკავშირდა. პიროვნება „პრაიმტაიმს“ ჯერ კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო, შემდეგ კი – ბინის მეპატრონედ და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “მე არ ვარ უფლებამოსილი პირი. მე, უბრალოდ, ბინა მივაქირავე ამ კომპანიას. მათთან ვერ დაგაკავშირებთ. ჯერ შევეხმიანები და მერე თავად დაგიკავშირდებით”, – განაცხადეს მითითებულ ნომერზე.
როგორც გაზეთი წერს, მეზობელ სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა როდესაც საქმე ეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, სპეციალისტები შესაბამის უწყებებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
„მოგეხსენებათ, სომხეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. მით უმეტეს, ეს ქვეყანა ODKB კავშირის წევრია და იქ განლაგებულია რუსეთის სამხედრო ძალები. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი სწორედ ODKB კავშირის მთავარ ძალას, რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას რუსეთში წარმოებული ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა?“, – წერს „პრაიმტაიმი“.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ საქართველოს 1990-იან წლებში ერთხელ უკვე ჰქონდა ასეთი არცთუ ისე წარმატებული გამოცდილება, როდესაც რუსეთში წარმოებული იარაღი შევისყიდეთ და აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველ ჯარისკაცებს იარაღის ფეხით გადატენა უწევდათ.
„სომხეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა და მასთან კარგი სავაჭრო ურთიერთობა ჩვენს ინტერესებშიცაა, მაგრამ არსებობს ქვეყნის უსაფრთხოების ცნება, რომელიც არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მინდა თქვენს მკითხველს შევახსენო, რომ სომხეთი არის რუსეთთან სამხედრო ალიანსში და იქ ფუნქციონირებს რუსეთის ბაზა. აქედან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამხედრო დანიშნულების, ან ორმაგი დანიშნულების პროდუქცია შეძენილი იყოს სომხური კომპანიიდან. კომპანიიდან, რომელსაც, როგორც ჩანს, საკმაოდ ბუნდოვანი წარსული აქვს. მეც ახლა გადავამოწმე და ამ კომპანიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, გარდა იმისა, რომ რეგისტრირებულია ერევანში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერის გამოცხადებიდან ორ კვირაში ოფისი გახსნა თბილისში. მინდა შეგახსენოთ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში შევარდნაძის ხელისუფლებამ შეისყიდა რუსეთიდან „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს გახდა სერიოზული მსხვერპლის მიზეზი ჩვენი მხრიდან. ეს ავტომატები აღმოჩნდა შეღებილი და ეგრევე დაჟანგდა. ვინც აფხაზეთის ომის დროს ომობდა, კარგად ემახსოვრებათ, რომ პრაქტიკულად ფეხით უხდებოდათ იარაღის გადატენა ჩვენს ჯარისკაცებს. ჯარის მობილობა ნებისმიერ მომენტში უმნიშვნელოვანესია. როდესაც, მტრული ქვეყნის მიერ წარმოებულ პროდუქციას იძენ, უნდა გესმოდეს, რომ ეს მთელ რიგ რისკებთანაა დაკავშირებული.
ამ დოკუმენტებით ჩანს, რომ ეს არის საბურავები, რომელიც სატვირთო ავტომობილებს უყენდება, რითაც ქართული ჯარი გადაადგილდება. აკუმულატორები დგება ჯავშანტექნიკაშიც, სატვირთო ავტომობილებშიც და ა.შ. სხვა ალტერნატივა რომ არ არსებობდეს, კიდევ გავიგებდი ამას, მაგრამ ეს ხომ არის პროდუქცია, რომელსაც რუსეთი ექსკლუზიურად არ აწარმოებს ხომ? რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ კომპანიაზე არჩევანის გაკეთება, ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს. მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო და არ მინდა სპეკულაციები დავიწყო იმ თემაზე, რომელიც ეხება ქართულ ჯარს, მაგრამ ნამდვილად მიჩნდება კითხვები. საერთოდ, დიდ სისულელედ მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები ღია იყოს, რადგან ეს არის სპეციფიკური უწყება და პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოებასთან. თუ ალასანიას ვინმე არ ენდობა გუნდის შიგნით და ეუბნება, ღია ტენდერები ჩაატარეო, ესეც სერიოზული პრობლემაა“, – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
„ანტიკორუფციული მედიაცენტრის“ ხელმძღვანელის პეტრე წურწუმიასთვის ტენდერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში დაფუძნებული „უცხოური ნაწარმის ფილიალი“ და მისი ტენდერში გამარჯვება ეჭვს იწვევს.
„რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ტენდერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ფუძნდება „უცხოური ნაწარმის ფილიალი“, მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს ტენდერში და იმარჯვებს უპრობლემოდ. რატომ შეიქმნა ფორსმაჟორულ ვითარებაში ამ კომპანიის ფილიალი? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ეს უფრო მეტი დაფიქრების საგანი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ტენდერში გაიმარჯვა იმ ქვეყნის კომპანიამ, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. საინტერესოა, ეს კომპანია აწვდის თუ არა იგივე პროდუქციას იქ განთავსებულ რუსულ არმიასაც? ეს უნდა იყოს სერიოზული მსჯელობის საგანი, რადგან მწარე გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ როგორც ერთ-ერთ სამართალმემკვიდრეს, გვერგო სამხედრო ტექნიკის რაღაც ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახლდათ. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კვლავ რუსულ შეკვეთებზე იყოს დამოკიდებული. რა თქმა უნდა ჩნდება ეჭვი, რომ აქ ვიღაცის ინტერესი დევს. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება ხელშეკრულება გაუფორმო კომპანიას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა ქვეყანაში და არანაირი ინფორმაცია მის შესახებ არ მოიძიება“, – აცხადებს წურწუმია.
რატომ მოხდა უპირატესობის მინიჭება იმ კომპანიისთვის, რომელიც ტენდერის გამოცხადების მომენტში საერთოდ არ იყო რეგისტრირებული საქართველოში? სატენდერო კომისიამ შეისწავლა თუ არა „არპანივის“ გამოცდილება ამ ბაზარზე? „პრაიმტაიმისთვის“ თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ „არპანივს“ საბურავების მიწოდების სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
„მაღალი ღირებულების ტენდერებში აუცილებელი პირობა იყო კომპანიის გამოცდილება ანალოგიური საქონლის მიწოდებაზე. კომპანია „არპანივი“ რეგისტრირებულია სომხეთში და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება საბურავების მიწოდების სფეროში. როგორც ჩანს, კომპანია დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს ტენდერით და ამ მიზნით დააფუძნა ფილიალი საქართველოში, თუმცა შეეძლო, პირდაპირაც მიეღო მონაწილეობა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე შეზღუდვა უცხოური კომპანიებისთვის, პირიქით, მსგავსი შეზღუდვა განიხილება, როგორც დისკრიმინაციული და მარეგულირებელი ნორმებით აკრძალულია. ტენდერის გამოცხადების შემდეგ ფილიალის დარეგისტრირება არავითარ დარღვევას არ წარმოადგენს. ზემოაღნიშნულმა კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები და პირობები. შესაბამისად, ყველა არსებული კანონისა და ნორმის დაცვით 3 ტენდერში გაიმარჯვა შპს „არპანივმა“, – განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, საბურავების შესყიდვის მიზნით, სულ, 7 ტენდერი ჩატარდა, აქედან ოთხ ტენდერში გაიმარჯვა “თეგეტა მოტორსმა” სამში კი – “არპანივმა”. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ, საერთო ჯამში, ვაჭრობის შედეგად 456 ათას 511 ლარის დაზოგვა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები