სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს: ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება არ უჭირს, რადგან იცის, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის „ამგვარი ქმედებები უცხო არ არის“.
ამასთან, გოგაშვილი მადლობას უხდის სუს-ს, რომ მისი ოჯახი „განადგურებას გადაურჩა“.
“ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენასა და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება”, – განაცხადა გოგაშვილმა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი”