გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც დარეგისტრირდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე დღეს იმსჯელებს.
პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევისა და განაცხადის ფორმას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღესვე დაამტკიცებენ. ამის შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდება.
როგორც იუსტიცის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს განაცხადების მიღების პროცესი არ გამოცხადდება და საბჭო მხოლოდ ფორმაზე იმსჯელებს.
“დღეს არ გამოცხადდება განაცხადების მიღების პროცესი, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ამასაც გამოვაცხადებთ, ვინაიდან ესეც საკანონმდებლო ვალდებულება გახდა მას შემდეგ, რაც კანონი შევიდა ძალაში”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება მიმდინარე კვირას დაიწყოს.
„ლოგიკური არის, რომ გარკვეული პერიოდით ადრე ჩვენ ეს ფორმები დავამტკიცოთ და გახდეს საჯარო იმისათვის, რომ სავარაუდო კანდიდატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ, მოემზადონ და თავიანთი გეგმები ამის მიხედვით დააწყონ. უახლოეს მომავალში საბჭო იმსჯელებს განცხადების მიღების პროცესის გამოცხადების თაობაზე”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება კონკურსში მის მონაწილეობას – მიქაუტაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ერთ-ერთ კანდიდატურად კვლავ დარეგისტრირდეს.
“აუცილებლად შეგატყობინებთ. მეც მაქვს უფლება, ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას, თუმცა გადაჭრით არ შემიძლია ახლა გითხრათ იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები