„მოსკოვს ანქვაბი აღარ სჭირდება, ხაჯიმბა კრემლის მიზნებს ემსახურება“
მოსკოვს ალექსანდრე ანქვაბი აღარ სჭირდება, კრემლმა საკუთარი მიზნებისათვის რადიკალურად მოქმედი პიროვნება რაულ ხაჯიმბა შეარჩია იმისთვის რომ, შემდეგ აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხი დადგეს, – ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა სოხუმში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. როგორც „კვირას“ გია გვაზავამ განუცხადა, სოხუმში მიმდინარე მოვლენები მოსკოვიდან იმართება და იქ კრემლის გარეშე ოპოზიცია ვერ გაქტიურდებოდა. მისი თქმით, რუსეთის პირველი პირი ვლადიმერ პუტინი და ოპოზიციის ლიდერი ლაურ ხაჯიმბა თანაკურსელები არიან. გვაზავა არ გამორიცხავს, რომ პუტინს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად რადიკალურად მოქმედი პირი სჭირდება.
„სოხუმში მიმდინარე მოვლენები რომ მართვადია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სოხუმში კრემლის გარეშე არაფერი არ წყდება. რაულ ხაჯიმბა რადიკალური ნაციონალია და ის კრემლთან დაახლოებული პირია. მაქვს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა თანაკურსელები იყვნენ, ეს ყველამ იცის. პუტინი ხაჯიმბას ყოველთვის ეყრდნობოდა.
ანქვაბის წინააღმდეგ ხაჯიმბას მიერ დაწყებული კამპანია კრემლთან არის შეთანხმებული. ნათელია, რომ მას მხარს პუტინი უმაგრებს. აქციზე სხვადასხვა საკითხი გაჟღერდა, მათ შორის იყო ანქვაბის კორუფციაში მხილება. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია გალის საკითხი, სადაც საუბარია, რომ ქართული მოსახლეობა აფხაზური პასპორტით სარგებლობს. ანქვაბის ამ პოლიტიკას ხაჯიმბა წარუმატებლად აფასებს. ანქვაბი კი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია, ის არ არის პროქართველი. ის არის თავისი ეთნოსის დამცველი ადამიანი, მაგრამ ის საღი გონებით უყურებს პროცესს. ხაჯიმბა უფრო რადიკალურია და უახლოეს დღეებში გამოჩნდება სოხუმში მიმდინარე პოლიტიკური ავადმყოფობის ანამნეზი.
ვფიქრობ, ანქვაბი მოსკოვს აღარ სჭირდება და უფრო რადიკალურად მოქმედი პიროვნება სჭირდებათ, იმისთვის რომ მერე რუსეთთან მიერთების საკითხი დადგეს. ამაზეა გათვლილი ყველაფერი“, – აცხადებს გია გვაზავა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ქვები და ჯოხები დაუშინა, რის შედეგადაც ფანჯრებია ჩამსხვრეული. მათ შესასვლელი კარიც ჩაამტვრიეს და შიგნითაც შეაღწიეს. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობები დატოვეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ შორის არიან ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე, ე.წ. მთავარი პროკურორი გალსა და ტყვარჩელში და ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.