სკანდალურ ვიდეოჩანაწერს პროკურატურა შეისწავლის
საქართველოს მთავარი პროკურატურა სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ „კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვისაც ახლა გახდა ცნობილი ამ ვიდეოს შესახებ. მთავარი პროკურატურა ჩანაწერს აუცილებლად შეისწავლის“, – აღნიშნა თემურ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი დღეს გავრცელდა, რომელიც ერთ-ერთი სპეცოპერაციის მიმდინარეობას ასახავს. ჩანაწერში ჩანს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტი. ვიდეოკადრებში ისინი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ვანო მერაბიშვილი სამხედრო მოსამსახურეებს 2 ადამიანის მკვლელობას უკვეთავს.
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ჩანაწერში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა, გენარალ-მაიორმა კობა კობალაძემ „კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებული ვიდეოკადრები მუხროვანის სპეცოპერაციას ასახავს.