ძარცვა თუ ხუმრობა – გორში, 15 წლის გოგონას საკუთარი ბინის წინ დახვდნენ

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულზე, საკუთარი ბინის წინ 15 წლის გოგონას, მამაკაცი დახვდა, პირზე ხელი ააფარა და მისი შეშინება სცადა.

როგორც „კვირას“ მოზარდის ახლობელმა განუცხადა, გოგონამ თავის გათავისუფლება შეძლო და დაიყვირა. მისივე თქმით, როდესაც გოგონას დედა სადარბაზოში გავიდა, მამაკაცი გაიქცა.

„როგორც ბავშვმა თქვა სრული კაცი ყოფილა, როდესაც მიეპარა და პირზე ხელი ააფარა ბავშვმა წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო. ბავშვი ასაკთან შედარებით დიდია, ძლიერია და შეძლო შეწინააღმდეგება. ყვირილზე დედამისი გამოვიდა და ამის შემდეგ თავდამსხმელი გაიქცა“,- განუცხადა „კვირას“ გოგონას ახლობელმა.

მისივე თქმით, როგორც მომხდარის შემდეგ მოზარდმა დედას უთხრა, მამაკაცი ვერ იცნო, თუმცა მის ამოცნობას შეძლებს, რადგან მისი სახე გარკვევით დაინახა.

„კვირა“ მოზარდის მეგობარსაც ესაუბრა, მისი თქმით, გოგონას პირზე ხელი მისმა შეყვარებულმა ააფარა, ადგილი ჰქონდა ხუმრობას და თავდასხმას ან რამე სხვას ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. მომხდარის შემდეგ გოგონა პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები