“უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება“
ფარულ ჩანაწერებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უკანონო მოსმენებს წლების წინ, წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური ხასიათი ჰქონდა – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ სამინისტროში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, დაახლოებით 635 დისკზეა საუბარი, რომელიც 750-მდე საათ ინფორმაციას მოიცავს “ამ დისკებზე აღბეჭდილი მასალა პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თვალთვალს , მის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას მოიცავს და შესაბამისად ეს ინფორმაციები იქნა დეტალურად მოსმენილი სწორედ ამ სამუშაო ჯგუფისგან. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რომ ფართო ანგარიში მომზადდება საჯაროდ საზოგადოებისთვის და ამის პრეზენტაციაც 31 იანვარს მოხდება. მოგეხსენებათ, რომ სწორედ 31-ში იწურება კომისიის მუშაობა, ეს მასალა კი ბუნებრივია შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა პროკურატურას და დაიწყება გამოძიება, ხოლო ის ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს, განადგურდება როგორც ის 110 დისკი რომელიც 5 სექტემბერს განადგურდა. აქვე მინდა ორი რამ ერთმანეთისგან გავმიჯნო, რომ ეს საზოგადოებისთვუს იყოს თავლნათელი. კერძოდ, თუ რატომ განადგურდა დაუყოვნებლივ მაშინ ის დისკები და რატომ იწყება გამოძება ამ დისკებზე. იმიტომ რომ ის დისკები და, მათ შორის ეს ორი ახლადაღმჩენილი დისკი, შეეხება ისეთ ინტიმურ სცენებს, რომელიც ამ შემთხვევაში დაზარალებულის ღირსებას შეეხება და სწორედ მისი ღირსების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი სახის დისკების დაუყოვნებლივ განადგურებისა. როგორც გითხარით ასეთი კიდევ 2 დისკი იქნა აღმოჩენილი და ისიც განადგურდება. მეოთხე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა გითხრათ, გახლავთ ის, რომ მომავალში შევა ცვლილებები, უკვე არსებობს ამის პროექტი, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158, და 159-ე მუხლებში და გამკაცრდება სანქცია ასეთი დანაშაულის შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.