"ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. “ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბუნებრივია, რაღაცეები მშვიდდება, რაღაცეები წყნარდება, პრობლემების გარეშე გვარდება და ბატონი ბიძინასთვის მოქალაქეობის აღდგენაც ასეთივე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების დალაგების და ნორმალიზაციისთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
„მთელი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ამხელა ღვაწლის მქონე ადამიანს, რომელიც აპირებდა პოლიტიკაში ნაბიჯების გადადგმას, ჩამოართვეს მოქალაქეობა. ეს იყო სილის გაწნა მთელი ქართული საზოგადოებისთვის იმ უგუნური პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მხრიდან, ვინც შესაბამისი პასუხი მიიღო ქართული საზოგადოებისგან ერთი წლის მერე და შემდეგ კიდევ ერთი წლის მერე”, – განაცხადა მარგველაშვილმა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები