გორში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
გორში, სადგურის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „აუდისა“ და „ვოლგის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
წინასწარი ინფორმაციით, „ვოლგის“ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად დაშავდა როგორც მძღოლი ისე მის გვერდით მჯდომი ქალბატონი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და 55 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე მანქანას, იქ მსხდომი მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ, ღამის 11 საათზე მოხდა.