საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდნენ
საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ქემალედინ გეიდაროვს შეხვდნენ. ამის შესახებ “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს. შს სამინისტროს ინფორმაციითვე, ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ასევე ეწვია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიას, სადაც მეხანძრე-მაშველების სწავლების პროცესს, სასწავლო გეგმებსა და სასწავლო-მატერიალურ ბაზას გაეცნო. “ იმავე დღეს ქართული დელეგაციის წევრები – შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელებს და პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდნენ და ქართველი მეხანძრე-მაშველების მომზადების შესაძლებლობები განიხილეს. ვიზიტის ბოლოს ქართულმა დელეგაციამ საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ფაიგ ტაგი-ზადესთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაზუსტდა სამომავლო, ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. აზერბაიჯანელმა და ქართველმა კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი სახელმწიფოს სტრატეგიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სახანძრო-სამაშველო სამსახურები კიდევ უფრო გააღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას“,-აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში.