ფალსიფიცირებული დიზელის საწვავის რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფალსიფიკაციის ფაქტებზე, შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანი“- ს ოპერატორი რამაზ სტეფანაშვილი და მოქალაქეები ზაზა ოსიაშვილი და ბონდო ბერუაშვილი დააკავეს.
ფიფანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზაზა ოსიაშვილს თბილისში, დიდ ლილოში, სოფ. წინაუბანში, სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“- ს ლიცენზიის გარეშე, არალეგალური ნავთობგადამამუშავებელი სახდელი ჰქონდა მოწყობილი, სადაც იგი შპს ,,ჯინდალ პეტროლიუმ ოფერეთინგ ქომფანი“- დან მოპარული ნედლი ნავთობის გამოხდას აწარმოებდა. აღნიშნული კომპანიიდან ნედლ ნავთობს, ზ.ოსიაშვილი დანაშაულში თანამონაწილე, ოპერატორ რამაზ სტეფანიშვილთან და ბონდო ბერუაშვილთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად ეუფლებოდა და კუსტარულად მიღებული, ფალსიფიცირებული დიზელის საწვავის რეალიზაციას შპს ,,ენერჯ ოილის’’ ბენზინგასამართ სადგურებზე ახორციელებდა, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თბილისში, სოფ. დიდ ლილოში ცენტრალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე და გარდაბნის რაიონის სოფ. მარტყოფში აღმოჩენილი იქნა არალეგალურად მოქმედი სხვა ნავთობგადამამუშავებელი სახდელები, სადაც ასევე ხდებოდა კუსტარული, ფალსიფიცირებული დიზელის საწვავის მიღება.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 197-ე მხუხლის პირველი ნაწილით და 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები