“ძალიან სასტიკი დარბევა იყო” – 7 ნოემბრის საქმეზე ზვიად ძიძიგური, ლევან გაჩეჩილაძე და კახა კუკავა დაიკითხებიან
7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხებიან.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი პარლამენტის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა და 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა.
“11:00 საათზე ძალიან სასტიკი დარბევა იყო, რომელსაც ახორციელებდნენ ნიღაბში გამოწყობილი ადამიანები, მაგრამ ისინი არ იყვნენ პოლიციელები, ისინი ჯინსებში და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები იყვნენ. იქ მოვყევი ჭყლეტაში, გავიგუდე გაზით და ძლივს მომასულიერეს, რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის შენობაში. შემდეგ რიყეზე დარბევაშიც მოვყევი, სადაც მასიური და სასტიკი დარბევა იყო, მომიტინგეებს უსწორდებოდნენ, ნაცემ ადამიანებს მისდევდნენ, მაღაზიებში, სადარბაზოებში და უსწორდებოდნენ.ბოლოს ტელეკომპანია “იმედში”, პოლიტიკურ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, იქაც “იმედს” შემოარტყა სპეცრაზმმა ალყა, დეპუტატებიც დაგვაპატიმრეს, ჟურნალისტებიც და ცინიკური, შეურაცხმყოფელი ანგარიშსწორება იყო”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.