კახა კალაძე: თბილისში სატელევიზიო ანძის მოდერნიზებისთვის ორ პროექტზე შევჯერდით
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სატელევიზიო ანძის მოდერნიზებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ორი პროექტი არსებობს, რომლებიც განთავსდება ინტერნეტსივრცეში და საზოგადოებას საშუალება ექნება მათთვის სასურველი ვარიანტი აირჩიოს.
მისივე თქმით, ცენტრი 300 ათას ვიზიტორზე იქნება გათვლილი.
„სატელევიზიო ანძის პროექტზე ჩვენ არჩევნების წინაც ვსაუბრობდით. ვიდეოკლიპიც კი გვქონდა გაკეთებული. თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის „კოკო არქიტექსტი“. ამ კომპანიას ამდაგვარი ბევრი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. მერიაში რამდენიმე ვერსია განვიხილეთ და მოხდა შეჯერება ორ ვარიანტზე. ამ განხილვებში ჩართული იყვნენ ჩვენი კულტურული საბჭოს წევრები, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
გვაქვს ორი პროექტი, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ ინტერნეტსივრცეში, აქაც გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ, რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ადამიანზე. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე, უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ, დაახლოებით, 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 10 მილიონი დაჯდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.