ლევან დავითაშვილი: საზოგადოების განწყობაა, რომ მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იზღუდებოდეს, ეს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია

საზოგადოების გაწყობაა, რომ მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იზღუდებოდეს. საზოგადოების განწყობა კი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ ეს განწყობა კონსტიტუციაშიც აისახა, – ამის შესახებ სოფლიოს მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი გააუქმა, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების დღემდე, 16 დეკემბრამდე რამდენიმედღიანი შესაძლებლობა გასცა მიწაზე რეგისტრაციაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

10 დეკემბერს მიწების უცხოელებზე გასხვისების მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ. მათი მიზანია, რომ არ დაუშვათნ მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დარეგისტრირება. აქციის გამო გუშინ თბილისის იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები