ფარული ჩანაწერების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო” შეხვედრაზე დაინტერესდება, ისვე მუშაობენ თუ არა სისტემაში ის ადამიანები, რომლებიც აარქივებდნენ ამ ფარულ ჩანაწერებს ან დადგა თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. შეხვედრას ესწრება გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი და კომისიის წევრი ლაშა ტუღუში. მისი თქმით, აუცილებელია იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ხალხმა, ვინც ამ ფარულ ჩანაწერებს აკეთებდა. კომისიის წევრებს კომისიის მუშაობის ვადებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. მათი განცხადებით, დღევანდელი სხდომა კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე იმართება. კომისიის წევრები ბოლოს 5 სექტემბერს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სხდომა არ გამართულა.