“ძლიერი საქართველო სწორედ ეთნიკური უმცირესობების თანამონაწილეობით შეიქმნა“

ეკონომიკურად და კულტურულად ძლიერი საქართველო, სწორედ ეთნიკური უმცირესობების თანამონაწილეობით შეიქმნა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, მთავრობა ყურადღებას აქცევს, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის სათანადო პირობები შეიქმნას.
„საქართველოს უნიკალურობა არ არის მხოლოდ ის, რომ მის ქალაქებსა და სოფლებში მრავალი ერის წარმომადგენელი ერთი მიზნისკენ იღწვის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმას, რომ შევქმნათ პირობები და ამ მრავალფეროვნებას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ჩვენი ერთიანი ქვეყნის ასაღორძინებლად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კონფერნციის მიმდინარეობისას კომენტარი პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმაც გააკეთა. როგორც შამანიდმა განაცხადა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ.
„მთავარი პრობლემა იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაა. მე გამოცდილება მაქვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობის მხრივ – თავად ვარ ამ ჯგუფის წარმომადგენელი. გადასარევად ვიცნობ მათ პრობლემებს, ვინაიდან მათთან ყოველდღიური შეხება მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში.
სოფიო შამანიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორია. იგი მეცნიერებათა დოქტორია და არის მრავალი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი და რედაქტორი. პრეზიდენტის შეხვედრა ეთნიკური უმიცრესობების საკითხების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობს. შეხვედრა სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები