ჩუმლაყში, საარჩევნო უბნიდან მოშორებით მოქალაქემ სასიგნალო იარაღიდან გაისროლა
ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში სასიგნალო იარაღიდან გასროლა განხორციელდა, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოქალაქე, რომელმაც სასიგნალო იარაღიდან გასროლა განახორციელა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნისნა, ჩუმლაყში მომხდარ ფაქტზე გამოზიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო.
„ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბნის რაიონში, სოფელ ქესალოში ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა.
„აღნიშნული პიროვნება არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა დაკავებული საქართველოს ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.