ირაკლი კობახიძე: სამწუხარო ტენდენციაა, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები ცდილობენ ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან

“რუსთავში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ე.წ. ორმაგი მარკირებით ცდილობდა ხმის მიცემას”,-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხარო ტენდენციაა, რომ “ნაცმოძრაობის” აქტივისტები მათ აქტივისტებს საარჩევნო სიებს ართმევენ.
“სიახლეებით წარვსდგები თქვენს წინაშე. რუსთავთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა არა ერთხელ საუბარი იმაზე, რომ სისტემური სახე მიიღო გაყალბების მცდელობამ რუსთავში. კერძოდ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ე.წ. ორმაგი მარკირებით ათზე მეტი ადამიანი უკვე დაფიქსირებულია, როგორ ცდილობდნენ ისინი ხმის მიცემას, დაემატა კიდევ ორი ადამიანი, ქეთევან თოიძე “ნაცმოძრაობის” აქტივისტი, 79-ე უბანზე რუსთავში და ბესიკ გრძელიშვილი 39-ე უბანზე, ასევე რუსთავში. ისინი ცდილობდნენ ე.წ. ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და უკვე ჩანს ნათლად, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც იყო დაგეგმილი ნაცმოძრაობის რუსთავის ოფისში და ამაზე პასუხს აგებენ არამხოლოდ კონკრეტული აქტივისტები, არამედ ამაზე პასუხს აგებს, რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობის” რუსთავის ოფისი და რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობა, რომელიც ვერ ივიწყებს გაყალბების მეთოდებს, რომელიც ძალიან კარგად ისწავლეს მათ 2012 წლამდე, 2012 წლის ჩათვლით.
არის სამწუხარო ტენდენცია, ცდილობენ “ნაცმოძრაობის” აქტივისტები ჩვენს აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები. მე მინდა, კიდევ ერთხელ, განვმარტო, რომ ეს სიები აქვთ ჩვენს აგიტატორებს აბსოლუტურად კანონიერად. ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი საარჩევნო სიები ფოტოსურათებით. ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებს. ეს არის კანონით დაშვებული. მე არ ვიცი, კიდევ ერთი ტყუილია თუ თავის მოტყუება ის, რასაც ვხედავთ ჩვენ. “რუსთავი 2″-ზე მუდმივად ცდილობენ ისინი საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს ეს სიები, რომლებიც არის ჩვენი აგიტატორების ხელში. სიები მათ აქვთ კანონიერად, შესაბამისად, მოვუწოდებთ ნაცმოძრაობის აქტივისტებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა თითოეული მცდელობა ჩვენს აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები”, – აღნიშნა კობახიძემ.
მან ამომრჩეველთა აქტივობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აბსოლუტურად უპრეცედენტო აქტივობაა, რომელიც ბევრად აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი.
“მინდა აღვნიშნო, რომ ფიქსირდება, 3 საათის მონაცემებით, უპრეცედენტო აქტივობა. იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ამ დღეს, ოთხშაბათ დღეს არ იქნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა აქტივობაზე და ჩვენი ნათქვამი, რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიაში “რუსთავი 2”-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტები, ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ ვითარება ისე წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა.
თქვენ ხედავთ, რომ არის აბსოლუტურად უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც ბევრად აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი. რეალურად რასაც ვამბობდით გამართლდა და იმ ტყუილებს, რომელიც ვრცელდებოდა დილიდან ნამდვილად არ აქვს არანაირი საფუძველი.
მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. თითოეულ თქვენგან აქვს საშუალება მივიდეს უბნებზე და ნახავთ, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართება აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა 20:00 საათის ჩათვლით და 20:00 საათის შემდეგაც მთელი დღის განმავლობაში.
კიდევ ერთხელ, გრძელდება აგრესიის იმიტაცია “რუსთავი2”-ის ეთერში, ეს არის ძალიან სამწუხარო. მოვუწოდებ “ნაცმოძრაობას”, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი ამ არჩევნების გარშემო, ყველაფერი წარიმართება მშვიდად, არ შეინიშნება რაიმე ისეთი არსებითი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რომელმაც შეიძლება საერთო ასახვა ჰპოვოს იმ სურათზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი პასუხისმგებლობა არის სამართლიანი, მშვიდი, თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა არჩევნებისათვის და ამ პასუხისმგებლობით იქნა ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი ამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვისაც.

აქტივობა არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენ, კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ მხარდამჭერებს აქტიურობისკენ, მაღალი აქტივობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მაქსიმალურად ხმამაღალი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს და ძალადობას, რასაც ახორციელებს ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას პასუხს დღეს ქართველი საზოგადოება გასცემს. როგორც მან თქვა, ეს პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ხმამაღალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები