თამარ ჩუგოშვილი: ადგილი აქვს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს აქვს ადგილი.
მისი თქმით, ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.
“მინდა გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასობრივი ფაქტებს – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ, ასევე მცდელობა, რომ ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ასევე მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიჰყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი რეაგირება”, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“საერთო ჯამში, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ძალიან ბევრი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი. ამომრჩეველს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში თუ ჩვენს აქტივისტებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და თუკი დარღვევას დააფიქსირებენ, ეს წერილობით იქნას დაფიქსირებული და მიაწოდონ ეს ინფორმაცია დამკვირვებლებს”, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.