სპეციალური ოპერაციების ძალები 19 წლის გახდა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
გაიმართა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც. შემდეგ კი, მოწვეულმა სტუმრებმა და პირადმა შემადგენლობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული მებრძოლების სახელს პატივი მიაგეს. პირადმა შემადგენლობამ მათ სახელზე სპეციალური ოპერაციების ძალების ტერიტორიაზე ხეები დარგო. სპეცდანიშნულების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა ბაზაზე არსებულ სასროლეთს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის წარმოებულ ომში გარდაცვლილი სერჟანტის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიანიჭა. ღონისძიებას სერჟანტ კახაბერ თავგორაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. ქართულმა და პარტნიორმა პოლონურმა სპეცდანიშნულების ქვეჯგუფებმა დასახლებულ რაიონში არსებული პირობითი მოწინააღმდეგის ძალებზე პირდაპირი მოქმედება განახორციელეს და გაანადგურეს. ოპერაციის რაიონის იზოლირება მეტყვიამფრქვევის და სნაიპერთა ჯგუფის მიერ განხორციელდა. საჩვენებელი წვრთნები სამთო სწავლების ველზე გაგრძელდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თოკიდან დაშვება განახორციელეს. სამხედროებმა შენობის აღების ოპერაციაც შეასრულეს, სადაც არსებული საფრთხე გაანეიტრალეს.
სპეციალური ოპერაციების ძალების იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალი ქვედანაყოფში არსებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები