„საზოგადოება უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ადამიანის შესახებ უახლოეს ერთ თვეში შეიტყობს“

ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარება წლების განმავლობაში ხდებოდა და რამდენიმე ფაქტის გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, საზოგადოება უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ადამიანის შესახებ უახლოეს ერთ თვეში შეიტყობს. ”სამწუხაროდ, რამდენიმე ასეული ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტს ბოლო 9 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. აქ საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე. ბუნებრივია, წარმოგიდგენიათ, რამდენად რთული უნდა იყოს ამ ადამიანების მიკვლევა, როგორ მოხდა მათი გაუჩინარება. უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, ვაწარმოებთ გამოძიებას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს აღმოვაჩინეთ რამდენიმე ფაქტი და ამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, უახლოეს ერთ თვეში რამდენიმე გახმაურებული ფაქტის მომსწრენი გავხდებით და ამას საზოგადოება შეიტყობს. არ მინდა, წინასწარ ვთქვა, რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ რამდენიმე ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი, შევისწავლეთ და გამოძიებამ დაადგინა, თუ რა ვითარებაში მოხდა მათი დაკარგვა. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები