„კეზერაშვილს სამხედრო ტერიტორიების გასხვისებისთვისაც უნდა მოსთხოვონ პასუხი“

  გაზეთი „ქრონიკა +“ თბილისში ყოფილი სამხედრო ობიექტების „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მითვისება-გასხვისების შესახებ სტატიას, ომის ვეტერანების ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს სამხედრო ტერიტორიების გასხვისებისთვისაც უნდა მოსთხოვონ პასუხი. „სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში გადავიდა რუსების მიერ დატოვებული სამხედრო ბაზები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და მერე „ნაციონალებმა“ იგი მიზერულ თანხებად ხელთ იგდეს. დღეს ამ ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების რეალური პატრონები სწორედ ეს ადამიანები არიან, თუმცა დოკუმენტებით სხვებზე, საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებზეა ყველაფერი გაფორმებული. ამ უკანონო გასხვისებაში დიდი წვლილი მიუძღვის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უიმისოდ ყოფილი სამხედრო ნაწილიდან ერთი აგურიც კი არ გაუტანიათ და არც ახლა გააქვთ. მისი და კეზერაშვილის კონტროლქვეშ იყო ყველაფერი და ახლაც ასე გრძელდება“, – წერს გაზეთი „ქრონიკა+“ ომის ვეტერანების ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთ-ერთი გასხვისებული ტერიტორია ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზაა. 2007 წელს თავდაცვის სამინისტრომ ეს ტერიტორია, შენობა-ნაგებობებიანად, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. გასხვისებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსებია აშენებული. „ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 6-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს „ვინჩი დეველოპერმა“ უკვე ააშენა და ერთ კვადარტულ მეტრს 650 დოლარად ყიდის. როგორც შენობის წინ გამოკრული აბრიდან შევიტყვეთ, დამკვეთი იგივე კომპანიაა, თუმცა იქვე ისიც წერია, რომ მშენებლობის ნებართავა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურიდან მიიღო… ყოფილი სამხედრო ნაწილის ჯერ კიდევ შემორჩენილ შენობებში ექსსამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები ცხოვრობენ. ვეტერანებმა მითხრეს, კომპანია, რომელმაც ეს ტერიტორია ხელთ იგდო, მალე ჩვენც გაყრას გვიპირებსო “, – წერს გამოცემა. სტატიაშია აღნიშნულია, რომ ვეტერანების ინფორმაციით, ამ კომპანიებს დღემდე აქვთ ზურგი მერიიდან. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ბუცხრიკიძე გაზეთ „ქრონიკა +“-თან ისანში, საექიმო ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის გასხვისების ამბავს იხსენებს. „სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ეს ტერიტორია თავისი შენობა-ნაგებობებით თავდაცვას გადაეცა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ტერიტორია გაიყიდა. ისნის გამგეობის შენობაც ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ააშენეს და ბაუენის კლინიკაც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ 2 მილიონად გადაიყიდა“, – ამბობს ბუცხრიკიძე. ვეტერანების ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტლის მთელი ტერიტორია ყოფილმა პარლამენტარმა, „ნაციონალმა“ ბესო ჯუღელმა შეისყიდა. „სქემა ჰქონდათ ასეთი: დაწერდნენ, რომ შენობა იყო ავარიული, ჩამოწერდნენ და მერე მუქთად იგდებდნენ ხელში. იქ არსებული შენობების დანგრევით ხომ იგებდნენ ფულს და ტერიტორიით ცალკე სარგებლობდნენ. ჰქონდათ მეორე მაქინაცური სქემაც – 50-წლიანი იჯარით იღებდნენ ტერიტორიას, მერე კი პირდაპირ მიყიდვის წესით ყიდულობდნენ,“ – წერს ავტორი. ომის ვეტერანი დავით ჩუბინიძე გამოცემასთან საუბრისას ჰყვება: „იცით რას აკეთებენ? დიზელის საწვავს უსხამენ, როცა ხე მშენებლობაში ხელს უშლით და ძალით ახმობენ, მერე მისი მ
ოჭრისთვის რომ არავინ შეედავოთ. ასე მარტივად ჭრიან ამ პრობლემას“. „ქრონიკა +“-ის ინფორმაციითვე, დიდუბეში, ერისთავის №4-ში ვეტერანებს ჰქონდათ იჯარით აღებული ტერიტორია, მაგრამ „ნაციონალებმა“ წაართვეს. „ყოფილმა სამხედროებმა ამ ტერიტორიაზე 1632 კვადრატული მეტრი ტენდერით, 10-წლიანი იჯარით ავიღეთ. წელიწადში 600 ლარს ვიხდიდით. პროფილაქტიკა მოვაწყვეთ, ვეტერანების დასაქმება გვინდოდა. ყველა ერთად ფულს ვშოულობდით. ეს ადგილი სასწრაფოებს ეკუთვნოდა, მათი ავტოფარეხი იყო, მაგრამ გაასხვისეს. თანხას პატიოსნად ვიხდიდით და ვფიქრობდით, რომ ბოლოს შევისყიდიდით კიდევაც. აუქციონი ისე ჩაატარეს, არც არაფერი გვკითხეს და ისე გაყიდეს ობიექტი, საქმის კურსშიც არ ჩაგვაყენეს“, – აცხადებს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ბუცხრიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები