ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება

როგორც “პრაიმტაიმს” სახელისუფლებო კულუარებიდან აცნობეს, არჩევნების შემდეგ თანამდებობას რამდენიმე მინისტრი გამოემშვიდობება. გამოცემის წყარო იმ ოთხეულს გვისახელებს, რომლებსაც ღარიბაშვილი თანამდებობას დაატოვებინებს.
„პირველი, ვინც სუსტ რგოლად განიხილება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეა. არავისთვისაა დასამალი, რომ სანიკიძე პრეზიდენტ მარგველაშვილის ახლო მეგობარია, ხოლო ხმები მისი გათავისუფლების შესახებ მაშინვე გავრცელდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი პრეზიდენტი საჯაროდ გაკიცხა. თამარ სანიკიძე ღარიბაშვილის კაბინეტშია, თუმცა მარგველაშვილის გუნდში რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ღარიბაშვილ-მარგველაშვილს შორის მაინცდამაინც დიდი სიამტკბილობა არ სუფევს, ეს საკადრო ცვლილებაც ადვილი ასახსნელი ხდება.
თუმცა ამის იქით არის კიდევ ერთი ინტრიგა. პოლიტიკურ კულუარებში 53-ე სკოლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის ხისტ გადაწყვეტილებას საბოტაჟს უკავშირებენ. ამბობენ, რომ მაშინ განათლების სამინისტროს გენინსპექციამ სკოლაში გარკვეული გადაცდომები, მართლაც, დააფიქსირა, თუმცა არც იმ მასშტაბის, რომ მინისტრს რადიკალური გადაწყვეტილება მიეღო, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა დირექტორი და ბიძგი მიეცა სკოლის მოსწავლეების ანტისახელისუფლებო გამოსვლისთვის. ამბობენ, რომ ამით, სანიკიძემ, ერთი მხრივ, საკუთარი ძალა აჩვენა და, მეორე მხრივ, საზოგადოების გარკვეული სეგმენტი მთავრობის საწინააღმდეგოდ განაწყო.
შეგახსენებთ, რომ 53-ე სკოლის მოსწავლეებმა დირექტორის მარიამ რამინაშვილის განთავისუფლება სასწავლო პროცესის ჩაშლითა და რამდენიმედღიანი აქციით გააპროტესტეს. თუმცა 53-ე სკოლის სკანდალი არ გახლავთ ერთადერთი, რომელშიც თამარ სანიკიძე გაეხვია. სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, სადაც არამიზნობრივ ხარჯებზეა საუბარი, წინა პერიოდებთან ერთად, სანიკიძის მინისტრობის პერიოდიც მოექცა და დადგინდა, რომ, საერთო ჯამში, 2 მილიონი ლარი არაეფექტურად გაიხარჯა“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები