მოწმეები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალს, 11:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა: “სახალხო კრების” ყოფილი წარმომადგენლები – სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე, ასევე ზაზა პაპუაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე. სასამართლო პროცესზე მოწმეებმა 2011 წლის 26 მაისის აქციაზე ძალის გადამეტების ფაქტები გაიხსენეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ბექა ჯავახაძის განაცხადებით, იგი აქციაზე დააკავეს და ზუსტად ისე უსწორდებოდნენ ფიზიკურად, როგორც აქციის დანარჩენ მონაწილეებს. სოსო ჯაჭვლიანმა კი მიტინგზე დაკავებული ადამიანების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამმართველოს შენობაში ლუკა კურტანიძე წელს ზემოთ ჰყავდათ გაშიშვლებული და მასთან სურათებს დამცირების მიზნით იღებდნენ. დღეს, თავად ლუკა კურტანიძეც დაიკითხა.
კურტანიძემ განაცხადა, რომ საკუთარი თავის მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე არ ისაუბრებს. მისი თქმით, „ჯანმრთელი“ ადამიანის ქმედებებს არ ჰგავდა ის, როგორც მასთან ერთად სხვა დაკავებულებსაც ექცეოდნენ. კურტანიძემ აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ იმ ბრძანების გამცემები, ვინც მომიტინგეებზე ანგარიშსწორება ბრძანა. სასამართლო პროცესზე 26 მაისის მოვლენები ზაზა პაპუაშვილმაც გაიხსენა. მისი თქმით, მას დარბევისას ორი რეზინის ტყვია მოხვდა. 26 მაისის საქმის პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აქციაზე მომიტინგეებს გასასვლელი არ დაუტოვეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. პროკურორის შეფასებით, მოწმეებმა ვანო მერაბიშვილის დანაშაულზე მიანიშნეს. 3 თებერვალს ჩანიშნულ სასამართლო პრცესზე კვლავ ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.