ანზორ ბეკურიშვილი მიცკევიჩის ქუჩაზე ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა

პაციენტი პროფესორს მკურნალობის თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდა

 

    დერმატო-ვენეროლოგ ზურაბ ბენდელიანთან პაციენტი ანზორ ბეკურიშვილი ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდის რწმუნებულმა გიორგი სუხიტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტმა პროფესორს მკურნალობაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა და აფეთქებამდე ის ზურაბ ბენდელიანს მკურნალობის თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდა. როგორც „კვირას“ სოფლის რწმუნებულმა განუცხადა, ანზორ ბეკურიშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო სანერგე მეურნეობაში ბრიგადირად მუშაობდა. ამავე მეურნეობაში მუშაობდა ანზორ ბეკურიშვილის მამაც.
„ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ ერთი წლის განმავლობაში მკურნალობაში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ექიმი მას გამოჯანმრთელებას დაჰპირდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. საკუთარი ხელფასის გარდა, ექიმისთვის ასანაზღაურებელ თანხას მამასაც სთხოვდა. თუმცა, მამას ნამდვილ მიზეზს არ უმხელდა და ფულს საკუთარი მანქანის გასარემონტებლად ართმევდა. როგორც ვიცი, წერილიც დაუტოვებია“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას სოფლის რწმუნებული.
შეგახსენებთ, რომ „კვირის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წერილი ანზორ ბეკურიშვილის მანქანაში აღმოაჩინეს. ანზორ ბეკურიშვილის ცხედარი მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდში, საკუთარ სახლში, უკვე მიასვენეს. ანზორ ბეკურიშვილს მშობლები და და-ძმა ჰყავს.
სოფელ ბიწმენდში ადგილობრივი მოსახლეობა ანზორ ბეკურიშვილს დადებითად ახასიათებს: „იყო მშრომელი და პატიოსანი ბიჭი. გაოგნებულებულები ვართ, რაც მოხდა“.
მომხდარის შესახებ შოკირებულები არიან მიცკევიჩის ქუჩის №29 ა- ში მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკური ცენტრის თანამშრომლებიც. „ამ დრომდე შოკში ვარ. გაოგნებული ვარ, რაც მოხდა“, – განუცხადა „კვირას“ სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ლალი გუჯაბიძემ. მისი თქმით, პაციენტის ისტორია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში იყო, სამართალდამცველებმა წუხელვე წაიღეს.1615191_211349399071251_413106085_n-300x237
„აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რაც კი პროფესორ ზურაბ ბენდელიანისა და პაციენტ ანზორ ბეკურიშვილს შეეხება, სამართალდამცველებმა წაიღეს. ამ წუთებში, შენობას ნანგრევებისგან ვასუფთავებთ და არ გვცალია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მთავარმა ექიმმა ლალი გუჯაბიძემ.
მისი თქმით, ის და სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები გამოძიებამ უკვე დაჰკითხა.
„კვირა“ გარდაცვლილი პროფესორის ზურაბ ბენდელიანის ოჯახსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ მომხდარზე საუბარი არ სურთ.
მიცკევიჩის ქუჩაზე, №29 ა-ში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო – პროფილაქტიკურ ცენტრში, აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი სამკურნალო ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი და პროფესორი, 60 წლის ზურაბ ბენდელიანია. „კვირის“ ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბენდელიანთან ანზორ ბექურიშვილი, ავტომანქანით მივიდა. მანქანა იქვე გააჩერა და შენობაში შევიდა. ანზორ ბექურიშვილი, პროფესორთან ერთად, სამუშაო ოთახში ჩაიკეტა. მამაკაცებს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ჯერ გასროლა, შემდეგ კი აფეთქება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბენდელიანმა, თანმხლებ პირთან კამათის შემდეგ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ბენდელიანი დამწვრობით დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროში საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
„დედა მაპატიე… ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ, ეს ტკივილი უნდა დავასრულო… სანამ მოვკვდები, ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო“, – სამართალდამცველებმა ანზორ ბეკურიშვილის ავტომანქანაში ამ შინაარსის წერილი იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა სამედიცინო რეგულირების სააგენტოში პაციენტ ანზორ ბეკურიშვილის საჩივარი პროფესორ ზურაბ ბენდელიანის წინააღმდეგ არ აღმოჩნდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები