საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ჟურნალისთვის – „Россия в глобальной политике“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას ჟურნალ „Россия в глобальной политике“-ის მეშვეობით, წერილი მისწერა. წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარების და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის აუცილებლობაზე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მოსაგვარებლად გადადგმულ ნაბიჯებს ახსენებს და მათ შემხვედრი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. პრემიერი ასევე საქართველოსა და რუსეთის კულტურულ კავშირებზე და ეკლესიებს შორის ურთიერთობებზეც წერს. მისი თქმით, ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობა იმდენად მტკიცეა, რომ მათ შორის კონტაქტი აგვისტოს ომის დროსაც კი არ გაწყვეტილა.
„ამ წერილს ჟურნალში სოჭის ოლიმპიადამდე ათი დღით ადრე გამოსაქვეყნებლად ვწერ, პირველ რიგში, იმ იმედით, რომ ოლიმპიური თამაშები წარმატებულად, მშვიდობიანად და ყოველგვარი ცუდი სიურპრიზის გარეშე ჩაივლის, მათ შორის ქართველი სპორტსმენებისთვისაც. საქართველოს ხელისუფლებისთვის მარტივი არ იყო ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება. ოლიმპიადა ხომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, აფხაზეთთან ახლოს იმართება. ამ რეგიონის მაცხოვრებელთა უმრავლესობა ქართველია, რომლებიც დღემდე დევნილებაში იმყოფებიან. ტრაგიკული კონფლიქტიდან 20 წლის შემდეგაც კი ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთს, ყველა მოლაპარაკების და საერთაშორისო ნორმების დარღვევით, არ გაჰყავს სამხედრო ძალები ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. ხსენებულ რეგიონებთან მიმართებაში მოქმედებს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიების სიახლოვეს აღმართულია ცოცხალი კედელი. ახლახან საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში, შეიქმნა 11 -კილომეტრიანი „სასაზღვრო ზონა“ .
თაობები იტანჯება ამ ყველაფრის გამო, რადგან ისინი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. რუსეთსა და საქართველოს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და ჯერჯერობით მისი აღდგენის პერსპექტივა არ ჩანს. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ქართველი სპორტსმენები სოჭში მიდიან. ჩვენი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ სპორტის პოლიტიზებით პირველ რიგში სპორტსმენები იტანჯებიან. ჩვენი გადაწყვეტილება კეთილი ნებით გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო საზოგადოების, ოლიმპიური მოძრაობისა და რუსი ხალხის მიმართ. ჩვენი ნაბიჯით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას მსოფლიოში მშვიდობის პრინციპების და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მიმართ. უფრო მეტიც, ჩვენ რუსეთის მხარეს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი დახმარებაც შევთავაზეთ. ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოში საზღვრისპირა რეგიონების და აეროპორტების უსაფრთხოება და დაცვა გაძლიერდება.
საქართველო ხელს შეუწყობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და დადებითი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის დაწყებულ დიალოგშიც, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მეზობელი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შესაძლებელი გახდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რის შედეგადაც ქართული პროდუქტი ბრუნდება რუსეთის ბაზარზე. მოხსნილია სატრანსპორტო მიმოსვლაზე პოლიტიკური შეზღუდვა, განიხილება საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში გასამგზავრებლად ვიზების გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა. გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში შემომავალი ტურისტების რიცხვი 50%- ით გაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველგვარი ვიზის გარეშე შემოდიან. ჩვენ მივესალმებით რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას. მათთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება მეგობრულია. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არ არის პროგრესი ჟენევის საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე. ეს ფორმატი რუსეთ-საქართველოს ომისთანავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლელი პარტნიორების მიერ, რთული, კონფლიქტური საკითხების გადასაწყვეტად შეიქმნა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რუსეთმა სამართლებრივად თითქოს მოჯადოებული წრე შექმნა. ამ ჩიხიდან გამოსავლის პოვნას ემსახურება ჟენევის მოლაპარაკებები. ამ უმნიშვნელოვანეს ფორმატშიც საქართველოსა და რუსეთის დიალოგი, გარკვეულ ეტაპზე კედელთან აღმოჩნდება. აუცილებელია აქვე აღინიშნოს ისიც, რომ ხელშეკრულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მისი დადების დღიდან – 2008 წლის 12 აგვისტოდან, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო ბოლომდე ასრულებს. 2010 წელს საქართველომ სამართლებრივად, ცამხრივად აიღო საერთაშორისო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობაზე, რაც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის მარტში დაამტკიცა. სამწუხაროდ, რუსეთი ამ დრომდე სამართლებრივად იგივე ვალდებულების აღებაზე უარს ამბობს. რუსეთის მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ იქნა ჟენევის ფორმატში გამართულ მოპარაკებებში მიღწეული წარმატება. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის მხარისგან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას.
ჩვენს წინ ურთულესი ამოცანა დგას. ერთი მხრივ, რუსეთი არ აპირებს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების აღიარება, მეორე მხრივ, საქართველო ვერ შეურიგდება ამას. ამასვე ლაპარაკობდა პრეზიდენტი პუტინიც. იყო ნათქვამი იმის შესახებაც, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა თავადვე უნდა გამოძებნონ საერთო ენა. ფორმულა სწორია, მაგრამ ამან შეიძლება მხოლოდ მოსკოვის დაინტერესების და პატიოსანი ჩართულობის შემთხვევაში იმუშავოს. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად არის, მზადაა განიხილოს მათთან ყველა პრაქტიკული და ჰუმანიტარული საკითხი. მხარეებს შორის ნდობის მოპოვების ეტაპამდე, რეგიონების სტატუსის განხილვის თემა შესაძლებელი იქნებოდა დროებით შეჩერებულიყო. 2013 წლის ნოემბერში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა. ასოცირების შესახებ დოკუმენტს ზაფხულის ბოლოს მოეწერება ხელი, რაც ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას განამტკიცებს და ხელს შეუწყობს. შედეგად ჩვენ ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ველით. მთავრობა, ჩემი ხელმძღვანელობით, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, აპირებს, განაგრძნოს სვლა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის. გამოთქვამენ მოსაზრებას იმაზეც, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს გადააფიქრებინოს მიღწეული შეთანხმების გაფორმება. მსგავსი მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზეც აქტიურდება. მსჯელობენ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი თბილისთან მიმართებაში? გამოიყენებს ძალას – თუ მხოლოდ „რბილი“ მეთოდით გამოხატავს ძალას“? დაუწესებს თუ არა მოსკოვი ისევ ემბარგოს ქართულ პროდუქტს? სამწუხაროდ, ეს საკითხები აისახება საზოგადოებაზე და მათში უნდობლობის გაღვივებაზე. როგორც ბოლო სოციალური კვლევებით მტკიცდება, გამოკითხულთა 70% მხარს უჭერს საქართველო – რუსეთის დიალოგს, თუმცა ამავდროულად ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ ჩრდილო მეზობელს მიიჩნევს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება, მისი არჩევანი იყოს თავისუფალი, არ ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის ინტერესებს. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რაც მიღწეული შეთანხმების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს, არ შეუშლის ხელს, რომ საქართველომ ამ კუთხით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გააღრმავოს მსგავსი ურთიერთობები. საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ბაზრის გაფართოებით, ამის გარეშე საქართველოს მოდერნიზაციის შანსი არ აქვს.
ასეთი დიდი ბაზარი მსოფლიოში სწორედ ევროკავშირია, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის მთავარ პარტნიორად გვევლინება. საქართველოსთვის ევროპული არჩევანი არ არის ცალკე აღებული ხალხის ნაწილის, ან რომელიმე მთავრობის პოლიტიკური ინტერესი. ეს ისტორიული ვალდებულებაა, მივილტვოდეთ იმ ცივილიზაციურ გარემოში, რომელსაც ჩვენ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოგვაშორეს. დღევანდელი ევროპა სრულყოფილი არ არის, მაგრამ სად არის უკეთესი? ჩვენ სასიცოცხლოდ დაინტერესებული ვართ იმით, რომ არანაირი საფრთხე და მუქარა არ იყოს მეზობელი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიმართ და მათ ინტერესებში იქნება ისიც, რომ გვერდით ჰყავდეს სტაბილური მეზობელი. ტერორიზმთან და რადიკალიზმთან ბრძოლაში თბილისსა და საქართველოს საერთო ფასეულობები გააჩნიათ. საქართველო ღიაა რუსული ბიზნესისთვის. ორი ქვეყნის დიალოგის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ და დავგეგმოთ საერთაშორისო – საინვესტიციო პროექტები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში. აღნიშნული სფეროების მიმართ უკვე იჩენენ ინტერესს რუსული კომპანიები. საერთო ეკონომიკური ინტერესები ხელს შეუწყობს რთული პოლიტიკური საკითხების სამართლიანად გადაწყვეტას. საქართველოში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურას. ჩვენი ქვეყნების კულტურული კავშირების შესახებ დიდხანს შეიძლება საუბარი, ამის შესახებ ასევე დაწერილა კიდეც ბევრი. აღვნიშნავთ უნდაც მხოლოდ ერთს – თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი რუსეთში აღიარეს, როგორც საზღვარგარეთ არსებული რუსული თეატრებიდან ერთ- ერთი საუკეთესო ნიმუში. ხორციელდება თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ჩვენს ეკლესიებს არ გაუწყვეტიათ ერთმანეთთან კონტაქტი აგვისტოს ომის დროსაც კი. მსოფლიო სწრაფად იცვლება და საერთო გამოწვევები ხშირად არასტანდარტულ მიდგომებს საჭიროებს. როცა არსებობს საერთო ინტერესები, მოლაპარაკება ბევრ საკითხზეა შესაძლებელი“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისი