როგორია სკოლის გამოცდებში ჩაჭრილების სტატისტიკა
2017 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების შედეგები დღემდე დისკუსიის საგანია საზოგადოებაში. ამბობენ, მოსწავლეებს, ზოგადად, ტექნიკური საგნების ჩაბარება უფრო გაუჭირდათ, ვიდრე ჰუმანიტარული საგნების, თუმცა მოსწავლეების 15%-მა უცხო ენასა და ისტორიაშიც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე პროგრამას არ ემთხვეოდა გამოცდის ტესტობრივი შინაარსი, რაზეც მეცნიერებისა და განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ კომპიუტერით ადაპტირებული ტესტირება არ გულისხმობს სტანდარტული ამოცანების პროცესს.
კონკრეტულად რომელი საგნები უფრო უჭირთ მოზარდებს, როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით, რამდენია ჩაჭრილ მოსწავლეთა ზუსტი რიცხვი საქართველოს მასშტაბით წინა წლებში, მათგან რამდენი იყო მე-12 კლასელი და რამდენი ისეთი, ვინც გამოცდას განმეორებით აბარებდა და შედეგად რამდენი აბიტურიენტი გამოეთიშა ეროვნული გამოცდების პროცესს ჯერ კიდევ მის დაწყებამდე? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ივა მინდაძეს დაუკავშირდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით: 2016 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრირებული 47 098 მოსწავლიდან ზღვარი ვერ გადალახა 11 519-მა. 2017 წელს რეგისტრირებული 48 434 მოსწავლიდან გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 063-მა, გამოცდა ჩააბარა 34 260-მა, ჩაჭრილთა ზუსტი რიცხვი 12 803 იყო. არ ვიცი, ვისთვის რამდენად გასაკვირი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ცუდი შედეგები 2011 წლის საატესტატო გამოცდები აღმოჩნდა. 46 549 რეგისტრირებული მოსწავლიდან ზღვარი ვერ გადალახა 14 113-მა. გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდა კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (gecat). იმისთვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადაელახათ, მოსწავლეებს დაახლოებით 15 მარტივი კითხვისთვის უნდა გაეცათ სწორი პასუხი. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს. სახელმწიფოს მხრიდან გამოცდებზე განმეორებით გასვლის საშუალება მიეცათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ აბარებდნენ დამამთავრებელ გამოცდებს.
ივა მინდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე:
– 2011 წელს, შაშკინის მინისტრობის დროს, კიდევ უფრო მეტი ჩაჭრილი იყო. წლევანდელი გამოცდების შედეგები შარშანდელის ანალოგიურია. სინამდვილეში ეს ბევრად უფრო კომპლექსური პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ საგნის ცოდნა-არცოდნის პრობლემა. განათლების სფეროში არსებული ხარვეზები აირეკლება ხოლმე ამ გამოცდებზე. სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევები ერთხმად ამბობს, რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პრობლემაა. მოდი, ცოტა ხანს თავი დავანებოთ მე-12 კლასს. მე-7, მე-8 კლასში რომ არ აქვს ბავშვს საბაზო ცოდნა მათემატიკაში, საბუნებისმეტყველოში, ლოგიკური ოპერაციების ჩატარების უნარები, არა მგონია, მას მე-12 კლასში ჰქონდეს ეს ცოდნა შეძენილი, ანუ პრობლემები უფრო განათლების სისტემაში უნდა ვეძიოთ. სამწუხაროდ, ყველა ნაკადში გვყავს მოსწავლე, რომელმაც ერთი ან რამდენიმე საგანი კარგად არ იციან და ვერ ლახავენ ამ ზღვარს.
– მაგრამ მაინც მზარდი მაჩვენებელი აქვს წინა წლებს.
– არ არის ეს მზარდი ჩაჭრები. როგორც აღვნიშნე, ყველაზე ცუდი შედეგები 2011 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე დასახელდა. ბევრი მოსწავლე არ დაუშვეს მაშინ გამოცდაზე, დაახლოებით 5 ათასამდე სუსტი მოსწავლე.
– პირიქით რომ ვთქვათ, ყველაზე მეტად რომელი საგნების ჩაბარება უჭირთ ბავშვებს და არა რომელი საგნები იციან კარგად?
– საბუნებისმეტყველო, ფიზიკის, მათემატიკის, უცხო ენის გამოცდის ჩაბარება ბევრისთვის ძნელია. ყველაზე მეტად ქართული ენის გადალახვა გაუიოლდათ, როდესაც ოთხ ძირითად საგანზე ვსაუბრობთ – ქართული, ისტორია, უცხო ენა, მათემატიკა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრია ისეთი, ვინც მეორეჯერ, მესამეჯერ აბარებს და ვერ ახერხებს მინიმალური ზღვრის გადალახავს. მოკლედ, ეს ის ნაკადია, რომელმაც, მინიმუმ, ერთხელ მაინც ვერ გადალახა ზღვარი.
– რომელ ქალაქებსა და რეგიონებზე მოდის ყველაზე მეტად საატესტატო გამოცდების დროს ჩაჭრები?
– ვერ გეტყვით, არ მახსოვს, ალბათ, არის ცნობები ამაზე. მაღალმთიან რეგიონებში, ვფიქრობ. არ ვიცი. ასე ვერ გეტყვით ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით.
მარიამ რამინაშვილი, ექსპერტი განათლების საკითხებში:
– ყოველწლიურად საატესტატო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის დაუძლეველი, ატესტატების გარეშე დარჩენილ მოსწავლეთა მზარდი მაჩვენებელი პირდაპირ მიანიშნებს ზოგადი განათლების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, კერძოდ, სასკოლო გარემოში არსებულ ქაოსურ და ჩამოშლილ სასწავლო პროცესზე. რამდენი წელია, ვერ მოხერხდა ვერც ერთ საფეხურზე საგნობრივი სტანდარტების რევიზია და, შესაბამისად, რამდენიმე სასწავლო წელია ვმუშაობთ ძველი გრიფმინიჭებული, უკვე მორალურად მოძველებული, სასწავლო პროცესისთვის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით. ამ ფონზე გაუგებარი და არარელევანტურია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მოქმედი ვერსია, რომელშიც ათეულ მილიონობით ლარია დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოქმედი არაფრისმომცემი აქტივობები კი გაუსაძლის ფორმალობად ექცა თავად პედაგოგს, რომელიც ვერა და ვერ აისახა მთავარ მიზანზე – გაიზარდოს განათლების ხარისხი. სამინისტროს არ აქვს მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო განმეორებით უწევთ სასწავლო პროგრამის გავლა.
– რა არის აქ გასაკეთებელი?
– სიტუაციის გამოსწორებისთვის კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი – უპირველესად, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც პრაქტიკულად საჭიროა და რეალურ შედეგებს მოგვცემს; დაფინანსების იმ მიმართულებით გაზრდა, რაც უშუალოდ აისახება საგანმანათლებლო პროცესზე; იმ პედაგოგების მოტივაციის ზრდა და ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამასთანავე, აუცილებელია საშუალო საფეხურის ამოცანებისა და უმაღლესი განათლების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა, რომელმაც სისტემა უნდა მიიყვანოს სკოლის გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ინტეგრირებამდე.
– რომელ ქალაქებსა და რეგიონებზე მოდის ძირითადად ჩაჭრები?
– წინა წლების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, 2016 წელს, თბილისის გარდა, ვერც ერთმა რეგიონმა ვერ მიაღწია წარმატების 90%-იან ნიშნულს უცხო ენაში, 23% იყო ჩაჭრილთა ოდენობა გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში; ამავე წელს დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა იყო მათემატიკის გამოცდის შედეგებშიც. რაც შეეხება 2017 წლის ცალკეულ საგნებში მინიმალურ ზღვარსმიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობას, ინგლისურ ენაში დაახლოებით 30%-ია, (4 042 მოსწავლე ), ხოლო ისტორიაში – დაახლოებით 15% (2 003 მოსწავლე). ყველაზე დაბალი შედეგია დაფიქსირებული საგნების მიხედვით ძირითადად კახეთში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”