„თვალწინ უამრავი სასწაულია“ – როგორ აცოცხლებენ სოციალური თერაპიის სახლში ნივთებს ბაღის მცენარეებით…

მის ბავშვობას დედის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი, უშუქობა, სიბნელე და სიცივე დაჰყვა. ობლად დარჩენილ დებს მამა ზრდიდა…
ვიოლინოზე და ჭადრაკზე  მაინც დადიოდა და მუსიკა დღემდე მისი სულის თანამგზავრია.
სწავლობდტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მერე სოციალური თერაპიის სახლში სამწლიანი ბაზისური კურსი გაიარ და დღემდე  იქ სოციალთერაპევტად მუშაობ. ასევე, სტამბის დიზაინერ დამკაბადონებია.
სოციალური თერაპიის სახლში დასაქმებულ შშმ პირებთან ერთად ულამაზეს კონვერტებს, ბლოკნოტებს, წიგნის სანიშნებს აკეთებენ. ქმნიან ყვავილის ქოთნებს, სასანთლეებს, სანათურებს. გაზეთებისგან წნავენ კალათებს, საპურეებს.
ამ ქაღალდ დაბლენდერებით  ახალ ულამაზეს ფურცლებს ქმნიან, მააფორმებენ თავიანთი ბაღის მცენარეებით. გვინდა გამოუსადეგარი ნივთები გავაცოცხლოთ, ნარჩენები გადავამუშავოთ და ახალი ფუნქცია შევძინოთ... ნანა ბარამიძის პერსონა.

ბავშვობაში მუსიკა გიყვარდათ, ვიოლინოზე დადიოდით
– 10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. დავრჩით მამა, ჩემი და და მე. მამა ძალიან მკაცრად და თბილად გვექცეოდა. მისი ერთი სიტყვა, ერთი გადმოხედვა საკმარისი იყო ჩემთვის და ჩემი დისთვის. თუმცა ისეთი თბილი და მოსიყვარულე იყო და დღეს – კიდევ უფრო მეტად(ეტყობა, ასაკმაც იმოქმედა), რომ შეიძლება ბევრს გაუკვირდეს.
ოცი წლის ვიყავი, მეორედ რომ დაქორწინდა. მაგრამ ეს ნაბიჯი ჩემი და ჩემი დის სურვილის გარეშე არ გადაუდგამს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ახალგაზრდა იყო, რატომ უნდა ეცხოვრა მარტოობაში. დღემდე დაქალებივით ვართ დედინაცვალთან. მე და ჩემს დას ძმა შეგვემატა. ახლა უკვე ოცი წლისაა. საამაყო და უთბილესი ადამიანია.
 რით იყო მნიშვნელოვანი სკოლის პერიოდი?
ბავშვობა არ მენატრება, მახსენდება უდედობა, უშუქობა, სიბნელე, სიცივე. პიროვნულადაც ჩაკეტილი, მორცხვი, გაუბედავი და უთქმელი ვიყავი. სკოლის პერიოდში საკუთარი აზრის გამოხატვა არ შემეძლო. გაკვეთილზე ხელის აწევაც მერიდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სკოლის დროინდელი მეგობრები არც მიცნობენ, გარდა ერთი-ორისა, ისიც იმიტომ, რომ დღემდე მაქვს ურთიერთობა მათთან.
ძალიან მიყვარდა მუსიკა, თუ ვინმეს არ ველაპარაკები, გულში სულ რაღაც მელოდიას ვღიღინებ. ბავშვობიდან ასე ვარ. ვიოლინოზე დავდიოდი, მაგრამ ვერ გამოვიდა ჩემგან მუსიკოსი. ჭადრაკზეც დავიდოდი. ძალიან მიყვარდა ჩემი ჭადრაკის მასწავლებელი, ყოველ გაკვეთილზე პეჩენიას ვაძლევდი. მეგონა, მთელი დღე გაკვეთილებს რომ ატარებდა, ჰშიოდა.
უნივერსიტეტში გარდატეხა მოხდა. დიდი როლი შეასრულა ჩემმა კურსელმა, რომელიც ახლა ჩემი მეჯვარეა. ის ჰარმონიული, ლაღი, ერთგული ადამიანი იყო. თავისთავად შევიცვალე. დიდ ძალისხმევა არც ჩაუდია. უბრალოდ ჩემთან მეგობრობდა . მის გვერდით მე შევძელი ჩემი თავი გარემოსთვის მეჩვენებინა, როგორიც ვიყავი სინამდვილეში, რა მიხაროდა, რას ვფიქრობდი, რა შეხედულებები მქონდა. ეს იმას ჰგავდა, ჩიტი რომ გალიიდან გამოფრინდება. ძალიან სასიამოვნო იყო. გარემოსგანაც დიდი სიყვარული, დაფასება, სითბო წამოვიდა. ცხოვრება უფრო ლამაზი და საინტერესო გახდა.
– სოციალური თერაპიის სახლში მუშაობთ სოციალთერაპევტად და სტამბის დიზაინერდამკაბადონებლადგაგვაცანით სახლის ისტორია
– 17 წლის წინ სოციალ თერაპიაში მოვედი, როგორც სემინარისტი. გავიარე 3-წლიანი ბაზისური კურსი სოციალ თერაპიაში. მეორე დიდი გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს ეს კურსი, მაგრამ ყველაზე უმთავრესი ჩემთვის ის იყო, რომ აღმოვაჩინე – ყველა და ყველაფერი მნიშვნელოვანია, დასაფასებელია. ყველას და ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს. ამჟამადაც არსებობს ეს კურსი. მიხარია, რომ თითქმის ყველა სტუდენტი იგივე აღფრთოვანებით გამოხატავს თავის შთაბეჭდილებებს.
 რამდენი ბენეფიციარი ჰყავს სახლს დღეს და როგორ ზრუნავს ის განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებისა და ზრდასრულების ინდივიდუალურ განვითარებაზე, სოციალურ ინტეგრაციაზე?
– სოციალური თერაპიის სახლი 1990 წელს დაარსდა და 50 განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანს ემსახურება, რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა შრომით საქმიანობაში. ქმნიან ორიგინალურ, ხელნაკეთ პროდუქციას, რაც დიდი მოწონებით სარგებლობს. ვაწყობთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, დავდივართ ექსკურსიებზე, გამოფენებზე. თითოეული წვრისთვის შემქმნილი გვაქვს ინდივიდუალური განვითარების გეგმა. გარდა შრომითი საქმიანობისა, ჩართულები გვყავს სხვადასხვა თერაპიულ საქმიანობაში. ისინი საოცარი ადამიანები არიან, ძალიან თბილები, მოსიყვარულეები, ერთგულები, შრომისმოყვარენი. მათ გვერდზე თავს მშვიდად და ლაღად გრძნობ. ისინი არ არიან საცოდავები, ეს დიდი შეცდომაა, როცა ვინმე მათ იცოდებს. ყველა ადამიანი განსხვავებულია, და რაღა მათი განსხვავებულობა უნდა იყოს თვალში საცემი?
სოციალური თერაპიის სახლში სხვადასხვა საქმიანობა ხორციელდება, რომლებიც შესაბამის სახელოსნოებში ხორციელდება: საქსოვის, სადურგლოს, მინისტამბა-საამკინძაოს, მაიკებზე ბეჭდვის, ლაზერული ჭრის, სანთლების, შემოქმედებით და ქაღალდის გადამამუშავებელ სახელოსნოებში, ასევე – ბაღი და სამზარეულო…

მეუღლესთან ერთად

–  სოციალთერაპევტად მუშაობთ, თქვენთან შშმ პირები აერთებენ წიგნის ფურცლებს
– მე სტამბისა და ლაზერული ჭრის სახელოსნოებში ვმუშაობ სოციალ- თერაპევტად და დიზაინერ-დამკაბადონებლად. კომპიუტერულ მომსახურებას ვუწევ დამკვეთს. მაქსიმალურდ ვცდილობ, წიგნის ავტორი კმაყოფილი იყოს. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა დამკვეთთან ერთად რამდენიმე დღეც გვიმუშავია მის წიგნზე, ვასწორებთ ტექსტს, ყოველ ხარვეზს და ამ პერიოდში ისე ვეჩვეოდი მათ, რომ წიგნის დაბეჭდვის მერე თითქოს სიცარიელეს ვგრძნობ. ისე, როგორც მეგობარს რომ ვეღარ ხედავ და გენატრება.
ამობეჭდვის მერე, მთელი რიგი ოპერაციებია, სანამ წიგნი დასრულებულ სახეს მიიღებს. ჩვენთან დასაქმებული შშმ პირები აერთებენ წიგნის ფურცლებს, გვერდების მიხედვით წებოთი კინძავენ და ჭრიან. რა თქმა უნდა, ჩვენი – თერაპევტების მოვალეობაა, დავეხმაროთ მათ, რა საქმიანობაც უჭირთ. მათი უნარების აღმოჩენა და განვითარებაც ჩვენი მოვალეობაა.
 სოციალური თერაპიის სახლბენეფიციარების მიერ შექმნილი ნაკეთობები ამშვენებს, რითაც შრომითი და საცხოვრებელი ერთობ იქმნება
– ჩვენი სამუშაო დღე რიტმულად არის გადანაწილებული. რიტმზეა აწყობილი სამყარო და თავად ადამიანის ორგანიზმიც. სწორი რიტმი ჯანმრთელობის საწინდარია. ჩვენი დღის რიტმიც ისეა აწყობილი, რომ ჩვენს წევრებს მთელი დღისადმი მშვიდი დამოკიდებულება აქვთ, იციან, რა რის შემდეგ მოდის და ეს არ იწვევს შფოთს, მოულოდნელობებისადმი შიშს. დილით ვგეგმავთ, თუ ვინ რას გააკეთებს. შემდეგ იწყება საქმიანობები, გვაქვს, შემოქმედებითი პაუზა, როდესაც ვხტავთ, ვკითხულობთ, ვთამაშობთ ჩვენს ბაღში… დღის ბოლოს ვიკრიბებით და ვაჯამებთ, ვინ რა გააკეთა. გარდა შრომითი საქმიანობებისა, უტარდებათ ევრითმია, მუსიკის, დრამის, ხატვის, პლასტიცირების შემოქმედებითი თერაპიები. ყოველი დღე აზრით არის სავსე.
სოციალური თერაპიის სახლი მათთვის არის მყუდრო, ხალისიანი. აქ აქვთ მათ ის გარემო, სადაც ჰყავთ მეგობრები, მათი უნარები რეალიზდება. ქმნიან ისეთ ორიგინალურ პროდუქციას, რომელიც ხალხს მოსწონს და იყენებს.
–  ამ პროცესში ვიცი, რომ იყენებთ ნარჩენებს, გამოუსადეგარ ნივთებს აცოცხლებთ და ახალ ფუნქციას სძენთ მე მაქვს ცოცხალი ფოთლებით  გაფორმებული რამდენიმე ულამაზესი ბლოკნოტი, რომლებიც თქვენთან არის დამზადებული…
– სტამბაში წიგნებისა და ჟურნალების დამზადებისას გვრჩება ჩამონაჭრელი ქაღალდი. ჩვენ ამ ქაღალდს ვაბლენდერებთ და ახალ ულამაზეს ფურცლებს ვქმნით, მათზე ვასხამთ სხვადასხვა ფერს, ვაფორმებთ ჩვენი ბაღის მცენარეებით. ამ ახალი დეკორატიული ფურცლებისგან ვაკეთებთ კონვერტებს, ბლოკნოტებს, წიგნის სანიშნეებს. ვაფორმებთ პლასტმასის ბოთლებს და ვქმნით ყვავილის ქოთნებს, სასანთლეებს, სანათურებს. გაზეთებისგან ვწნავთ კალათებს, საპურეებს. გვინდა გამოუსადეგარი ნივთები გავაცოცხლოთ, ნარჩენები გადავამუშავოთ და ახალი ფუნქცია შევძინოთ…
 რისი შექმნა გიყვართ?
– ძალიან მიყვარს ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც ვინმეს გამოადგება, დაეხმარება. თუნდაც ბავშვის განსავითარებელი სათამაშოების გაკეთება. მიყვარს ბლოკნოტების კერვა, დეკორატიული ნივთების გაფორმება. ჩემი საქმიანობა, ძირითადად, კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა და ხელნაკეთი ნივთების კეთებაა. ეს  ჩემთვის თითქოს გარკვეული რეაბილიტაციაა.
ვიცი, რომ სოციალური თერაპიის სახლის დიდი პრობლემა დაუფინანსებლობაა
– სამწუხაროდ, უცხოელი დონორები აღარ აფინანსებენ ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემოსავალი სახელმწოფოსგან მოცემული 11- ლარიანი ვაუჩერი, მცირე შემოწირულობები და პროდუქციის გაყიდვაა. ასეთი ყოფა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენი ცენტრი დიდ ფინანსურ კრიზისს განიცდის. 50 ოჯახის ბედი ჰკიდია ამ კრიზისზე. ჩვენი შშმ პირების ოჯახის წევრები ახლა მუშაობენ, მოგეხსენებათ, სამსახური და შემოსავალი რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ოჯახისთვის. ამას ახერხებენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ შვილები დღის მანძილზე ჩვენს ცენტრში დადიან. ეს რომ მოაკლდეთ, სამსახურებისთვის თავის დანებება მოუწევთ და სახლში დარჩენა შვილების მომვლელებად.
 გვიამბეთ  ოჯახზე… მეუღლე გია გაგანაშვილიც სოციალური თერაპიის სახლში მუშაობს...
– მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. მთელი 24 საათი ერთად ვართ. ბევრს უკვირს, არ არის ძნელი, ან მომაბეზრებელიო? მაგრამ, პირიქით. ასე უფრო ვავსებთ ერთმანეთს, საერთო მიზნები გვაქვს, საერთო პრობლემები. ერთი ცხოვრება გვაქვს და ერთნი ვართ. ჩვენს ორგანიზაციაში არსებულ სტამბას ხელმძღვანელობს, რომელიც ადრე მხოლოდ რვეულების სახელოსნო იყო.
ყველაზე საუკეთესო, რაც გამაჩნია, ჩემი ოჯახია. შემიძლია მადლიერებით ვთქვა, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. საუკეთესო მეუღლე და ორი შვილი მყავს.
როცა ოჯახი ერთიანია ყველა, პრობლემა მოგვარებადია. ვცდილობთ, ყველაფერში დადებითი დავინახოთ  და თითქოს უფრო ადვილად ვაგვარებთ ყველაფერს. მთავარია, ყოველი დღის მადლიერი იყო.
ჰობი?
– ძალიან მიყვარს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ბუნებაში გასეირნება. მომწონს ხეების ყურება, ტოტების განშტოება, ფოთლები. ეს საოცარი სანახავია, თვალწინ უამრავი სასწაულია, დანახვა უნდა მხოლოდ.
სამომავლო გეგმები
– მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდა, როცა ჩვენი შვილები თავის გზას იპოვიან, სადმე სოფელში ვიცხოვროთ, მოვიყვანოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გავაკეთოთ ეკოლოგიურად სუფთა ნივთები და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში ჩვენი წილი ერთი აგური მაინც დავდოთ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები